Site icon Civil.ge

სააკაშვილის განცხადებების გამო უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.Ge

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო, სადაც იგი ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების „დამხობის პროცესს“ ჩაუდგება სათავეში, 11 ივნისს, ქართულმა მხარემ საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის სრულუფლებიანი ელჩი იგორ დოლგოვი დაიბარა.

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა, 11 ივნისს Facebook-ით პირდაპირი ჩართვის დროს, თქვა რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ „ბრძოლაში“ აქტიურად ჩაერთვება. იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, სააკაშვილის განცხადებები „საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი“ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაა.

„ჩვენ გავაფრთხილეთ ჩვენი უკრაინელი კოლეგები, რომ არ მიეცათ მაღალი თანამდებობა იმ პიროვნებისთვის, რომელიც ქართველი სამართალდამცველების მიერ არის ძებნილი და ოთხი დამოუკიდებელი შემთხვევისთვის [არის] ნასამართლევი“ – განაცხადა ზალკალიანმა.

„სააკაშვილი უკრაინაში ოფიციალური პირი არ არის და იგი უკრაინის აღმასრულებელს შტოს არ წარმოადგენს“, – განუცხადა ელჩმა დოლგოვმა ჟურნალისტებს სამინისტროში ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ. უკრაინელმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ „მართალია, სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, თუმცა იგი ქართველი ადამიანია და ქართველობას არასდროს შეწყვეტს“.

7 მაისს უკრაინის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. მანამდე სააკაშვილი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას უკრაინის ვიცე-პრემიერობა შესთავაზა. თუმცა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვერხოვნა რადამ სააკაშვილის დასანიშნად საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა და სხდომებზე ეს საკითხი აღარ განიხილა.

სააკაშვილის დანიშვნამ უკმაყოფილება გამოიწვია თბილისში. საქართველოს მთავრობამ კონსულტაციებისთვის უკრაინიდან საქართველოს ელჩიც გამოიხმო. ოპოზიციამ ხელისუფლების ეს ნაბიჯი „პოლიტიკურად მიკერძოებულობად“ შეაფასა და მოუწოდა მთავრობას ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასთან საფრთხის ქვეშ არ დააყენოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)