ავტორი: იასინ ბუბუ, ბრიუსელში მცხოვრები სამართლის სტუდენტი, აქტივისტი.
მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად მთელ მსოფლიოს მოდებული გამოსვლები გულს გაგითბობს. აღნიშნული ხომ მომიტინგეთა სოლიდარობას და აშშ-ში სისტემური რასიზმის სისასტიკით აღშფოთებას გვიჩვენებს. თუმცა ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ევროპაში პოლიციის სისასტიკის საკითხზე მუშაობს, ამერიკის გარეთ „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ კამპანიის გააქტიურება ერთგვარად ტკბილმწარე განცდებს ტოვებს. რატომაა, რომ ბერლინში, ლონდონსა თუ ოკლენდში ადამიანები „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ შეძახილებით ქუჩაში გამოდიან, ეს იმ დროს, როცა იგივე ადამიანები თვალს ხუჭავენ საკუთარ ქვეყნებში პოლიციელთა სისასტიკეზე?
ბელგიაში ფლოიდის მკვლელობას იმაზე უფრო მეტი აღშფოთება მოჰყვა, ვიდრე ბელგიელ პოლიციელთა სისასტიკის რომელიმე შემთხვევას მოჰყოლია. სოციალური მედიის ბელგიელ მომხმარებელთა გვერდები სავსეა ფლოიდისადმი თანაგრძნობის წერილებით. მინეაპოლისში მომხდარი ამბავი ბელგიის ყველა წონიანმა პარტიამ დაგმო.
ეს იმ ფონზე, როცა ბევრი ამ პოლიტიკოსთაგანი, თავად უჭერდა წლების განმავლობაში მხარს ჩვენი სამართალდამცავი სისტემის მილიტარიზაციას; ეს იმ ფონზე, როცა ბევრი მათგანი პოლიციის მაგიერ საპოლიციო ძალადობას შეჩეხილ მსხვერპლს ადანაულებდა ხოლმე. ახლა ამ პოლიტიკოსებს შანსი არ გაუშვიათ, ფლოიდის მკვლელობა დაეგმოთ. ეს იმიტომ, რომ ფლოიდი სხვაგან – ამერიკაში – მოკლეს.
პოლიციის სიმხეცე ევროპისთვისაც არაა უცხო. და თუ ასეა, რატომაა, რომ იმავენაირად არ ვართ შევშფოთდებით ხოლმე ჩვენივე ქვეყნებში მომხდარი საპოლიციო ძალადობით?
არადა, ტრაგიკული შემთხვევების ნაკლებობას ევროპაშიც არ ვუჩივით. რამდენიმე კვირის წინ, წარმოშობით მაროკოელი ბელგიის მოქალაქე, 19 წლის ადილი – ბრიუსელში საპოლიციო დევნის პროცესში დაიღუპა. ადილის სიკვდილს მის უბანში მცირეხნიანი არეულობა მოჰყვა, თუმცა მისი საქმე ბელგიაში ისეთივე რეზონანსული ვერ გახდა, როგორიც – ფლოიდის.
ადილის სიკვდილის გასაპროტესტებლად არც დიდი მიტინგი მოუწყვია ვინმეს და არც არავის დაუკავშირებია მომხდარი ამბავი სისტემური რასიზმის პრობლემასთან. იშვიათად თუ ამოიღო ხმა რომელიმე პოლიტიკოსმა ადილის სიკვდილის დასაგმობად, და თუკი ვინმემ გაბედა და მაინც თქვა რამე, პოლიციელთა პროფკავშირებისა და საზოგადოებისაგან უარყოფით რეაქციათა ნიაღვარი ხვდა წილად. პოლიციის ტაქტიკასა და რასობრივი ნიშნით გამორჩევის პრობლემაზე ლაპარაკის ნაცვლად, ბელგიურმა მედიამ ადილის დანაშაულის ძიებას მიჰყო ხელი და მის კრიმინალიზაციასაც არ მოერიდა.
მეზობელ საფრანგეთში ფლოიდის სიკვდილს მასობრივი გამოსვლები მოჰყვა, ეს იმ ფონზე, ფრანგ პოლიციელთა მიერ ფერადკანიანი ფრანგების ძალადობრივი დაკავების კადრები ტვიტერის ქსელში რომ არავის უკვირს. ფრანგი აქტივისტები ათწლეულებია განგაშის ზარებს არისხებენ პოლიციის მიერ ფერადკანიანთა რასობრივი ნიშნით გამორჩევის გამო.
პრობლემა შესაძლოა შეერთებულ შტატებში ბევრად უფრო გავრცელებული და შესამჩნევია, თუმცა პოლიციელთა ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან არც ევროპელი მოქალაქეები არიან დაცულნი. და მაინც, კვლავაც ვდუმვართ ამ თემაზე, რისი შედეგიც ისაა, დღემდე რომ ვერ გაგვირკვევია, რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე ევროპელებს.
ევროპას ამერიკისგან განსხვავებით ბევრად ნაკლები ნაბიჯი აქვს გადადგმული პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე. მართალია, ჯერ არ დამტკიცებულა, თუმცა აშშ-ის სენატში ჯერ კიდევ 2001 წელს წარადგინეს „რასობრივი ნიშნით გამორჩევის აღმოფხვრის აქტი“. ეს მაშინ, როცა საფრანგეთში, ნიდერლანდსა და ბელგიაში კვლავას იმას განიხილავენ, რასობრივი ნიშნით გამორჩევა ხდება თუ არა საერთოდ და თუ კი, რამდენად შეიძლება საკითხის გადაჭრას კანონის შეცვლამ უშველოს. ამასთან, ამერიკა გაცილებით უფრო წინაა პოლიციელთა მიერ სამხრე კამერების გამოყენებისა და პოლიციელთა ამ საკითხზე დატრენინგების კუთხითაც.
ზემოთ ნახსენები ზომები, ცხადია, არასაკმარისია პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ზომებისათვის ამერიკაში მიუმართავთ და ევროპაში – თითქმის არა, კარგად მეტყველებს, სად ვართ ჩვენ.
ფლოიდის სიკვდილმა ისიც აჩვენა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ვიდეოს გადაღებას. პოლიციის სისასტიკე ყოველდღიური ამბავია, თუმცა ჩვენს ყურადღებასა და განრისხებას სწორედ ის ინციდენტები იქცევს ხოლმე, რომელთაც ჩვენივე თვალით ვხედავთ.
ევროპაში ესეც პრობლემური საკითხია. მართალია, პოლიციის გადაღება ცალსახად აკრძალული არაა, თუმცა ბევრ ევროპულ ქვეყანაში ამ საკითხზე საკმაოდ ბუნდოვანი საკანონმდებლო ჩანაწერი გვხვდება. მაგალითად, საფრანგეთში პოლიციის გადაღება დასაშვებია, თუმცა ვიდეოს გადამღებმა მოქალაქემ შესაძლოა სასამართლოში ამოყოს თავი, თუკი ვიდეოჩანაწერში ზოგიერთი კატეგორიის სამართალდამცავის ამოცნობა იქნება შესაძლებელი. თავის მხრივ, ბელგიელი პოლიციელები განთქმულნი არიან გადაღების მოსურნე მოქალაქეებისათვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევა-დამსხვრევით.
პრობლემაა საპოლიციო სისასტიკის მედიაში გაშუქებაც. ახალ ამბებში გარდაცვალებისა და დაკავებების შესახებ თხრობისას ჟურნალისტები პოლიციის განცხადებებს ეყრდნობიან და ინციდენტის დეტალებს არ ეძიებიან. პოლიციის განცხადებები კი ჩვეულებრივ მსხვერპლს დამნაშავედ ხატავს და სიკვდილსაც მასვე აბრალებს.
ასე მაგალითად, სამართალდამცავთა მიერ ჰააგაში მოკლული 42 წლის კარიბელი მიტჩ მარტინესის საქმეზე პოლიციის განცხადებაში ეწერა, რომ მარტინესი მოძალადე იყო და დაკავებისას წინააღმდეგობა გასწია. ფლოიდის საქმის მსგავსად, კერძო დაკვეთით ჩატარებული აუტოფსიის შედეგებმა ოფიციალურისაგან განსხვავებული შედეგი აჩვენა მარტინესის შემთხვევაშიც. აღმოჩნდა, რომ 42 წლის კარიბელი ფსიქოლოგიურმა შოკმა კი არა, პოლიციელის მიერ დახრჩობამ შეიწირა, რისთვისაც მოგვიანებით სამართალდამცავი გაასამართლეს კიდეც.
მნიშვნელოვანია შევხედოთ ისტორიულ კონტექსტსა და მის გააზრებასაც. არსად ისე არ გაუსწორებიათ თვალი კოლონიალიზმის, მონობისა და სეგრეგაციის დამკანონებული წარსულისათვის, როგორც აშშ-ში. ევროპაში დღესაც ბევრს შთააგონებს ამერიკის 1960-იანების სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობა. ცხადია, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა საშუალო სტატისტიკურმა ამერიკელმა იცის იმ ჩაგვრის სისტემებისა და რასიზმის შესახებ, რომელზეც ქვეყნის ისტორია დაეშენა.
იმავეს ვერ ვიტყოდით ევროპაზე, სადაც რასიზმსა და რასაზე ლაპარაკს დღემდე ტაბუ ადევს და სადაც ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ბელგია და ნიდერლანდი, დღემდე ვერ უსწორებს თვალს მონობისა და კოლონიალიზმის მემკვიდრეობას. თუმცა კი ე.წ. თეთრკანიანთა პრივილეგირებულობასა და რასაზე ლაპარაკი ნელ-ნელა იკიდებს ფეხს, დისკუსიას ფართო მასებში ჯერ არ შეუღწევია.
იქნებ ამიტომაცაა სწორედ, საზღვარგარეთ რასიზმის მსგავს შემთხვევებზე რომ უფრო მარტივია აღშფოთება. სხვაგან დანახული პრობლემის დაგმობა ბევრად ადვილია, ვიდრე – საკუთარ ქვეყანაში არსებული ნაკლოვანებათა აღიარება.
აშშ-ში მომხდარზე გაბრაზება საჭიროცაა და გასაგებიც. თუმცა ყველა ეს გაბრაზება ფუჭად ჩაივლის, თუკი ყურადღებას არ მივაქცევთ იმას, ევროპაში რა ხდება და თუკი ამ გაკვეთილების წყალობით ევროპაშიც არ შევცვლით საპოლიციო პრაქტიკას.