Site icon Civil.ge

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გაბუნიას საქმის „სრულყოფილ, გამჭვირვალე“ გამოძიებას ითხოვს

RSF-ის ლოგო

მედიის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წამყვანისა და კრეატიული დირექტორის, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების შესაძლო მცდელობის საქმე „სრულყოფილად“ და „გამჭვირვალედ“ გამოძიება გამოიძიოს.

18 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას გაბუნიასთვის დაცვის უზრუნველყოფა სთხოვა.

RSF ქართულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ წარმოშობით ინგუში რუსეთის მოქალაქე, რომელიც 12 ივნისს დააკავეს, რამზან კადიროვმა გამოაგზავნა, რომელიც „ინგუშეთის მეზობელ ჩეჩნეთის ავტონომიურ რესპუბლიკას რკინის ხელით მართავს“.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც შარშან გაბუნიას კადიროვი დაემუქრა, ქართველმა ჟურნალისტმა დაცვა გააძლიერა.

„პრეზიდენტ პუტინის ახლო მოკავშირე კადიროვი ხშირად ემუქრება ჟურნალისტებს და კრიტიკულად განწყობილი პირების გაჩუმებას ცდილობს, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფების“, – აღნიშნა ორგანიზაციამ.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟან კაველიეს განცხადებით, „რამდენად აღმაშფოთებელი და შოკისმომგვრელიც უნდა ყოფილიყო, გიორგი გაბუნიას განცხადებები, ეს მკვლელობის მცდელობას ან მუქარებს არცერთ შემთხვევაში ამართლებს“.

მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქმე „სრულყოფილად“ და „გამჭვირვალედ“, „რუსეთის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად“ გამოიძოს და „ყველაფერი გააკეთოს გაბუნიას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა 15 ივნისს, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით, ინგუშეთში 1982 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე – ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი საქართველოს ტერიტორიაზე გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. გვარამიამ ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობა გასულ წელს გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გინებას დაუკავშირა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე „შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში“, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)