Site icon Civil.ge

თფილისში აზერბაიჯანის ყოფილი პრემიერი ფათალი ხან-ხოელი მოკლეს

ფათალი ხან ხოელი (1875-1920) - აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. ფოტო azerbaijan.az-დან.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 22 ივნისი, N137

ხან-ხოელის მკვლელობა

მეორე უბნის კომისარმა შაბათს ტფილისის ქალაქის მილიციას, ქალაქის თავს, საოლქო სასამართლოს პროკურორს, პროკურორის ამხანაგს და I უბნის გამომძიებელს შემდეგი აუწყა:

დღეს ღამის 11 საათზე ბოროტგამზრახველებმა ფეოდესიის ქუჩაზე რევოლვერით მძიმეთ დასჭრეს ადერბეიჯანის ყოფილი მინისტრი ხან-ხოელი. გამოძიება სწარმოებს. მიღებულია ზომები ბოროტგანმზრახველების აღმოსაჩენათ. ფეოდოსიის ქუჩაზე მომხდარ ბოროტების შესახებ დაუყონებლივ აუწყეს მთავრობის წევრებს. გაიცა კატეგორიული განკარგულება, რაც შეიძლება დაწვრილებით გამოიძიონ და გამოარკვიონ მკვლელობის ამბავი. როგორც კი გამოძიება დასრულდება მოყვება მთავრობის ცნობა ამ საქმის შესახებ.

დაახლოებით 12 საათზე შაბათს ხან-ხოელი მიიყვანეს მიხეილის საავათმყოფოში. ის არ მოსულა გონებაზე და გარდაიცვალა 20 ივნისს დილის 4 საათზე.  გამოასვენეს დილით 11 საათზე 21 ივნისს. გარდაცვალებული მაჰმადიანთა სასაფლაოზე დაასაფლავეს.

ხან-ხოელის თანამგზავრი ქალილ ბეკიშახ-მამედოვი მსუბუქათ დაიჭრა და მისი მდგომარეობა უმჯობესდება.