პარტია ევროპული საქართველო პოზიციას ცვლის და 21 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს.
20 ივნისს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის ხვალინდელი კენჭისყირის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ამით „პროპორციული არჩევნების“, „პოლიტპატიმრებისა“ და „ქვეყანაში ნორმალური არჩევნების ბედი წყდება“.
„ხვალინდელ კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას, დაველოდებით რურუას საკითხის გადაწყვეტას და შემდგომ კენჭისყრებთან დაკავშირებით ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მანვე.
დავით ბაქრაძემ პარტიაში ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერის გადაწყვეტილების კიდევ ერთ მიზეზად ქართული ოცნების მხრიდან, გასული წლის ნოემბრის მსგავსად, ინიციატივის ჩაგდების შესაძლებლობაც დაასახელა.
„არ მივცემთ საშუალებას ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, რომ კიდევ ერთხელ მოატყუოს საზოგადოება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით“, – დასძინა მან.
ერთიან ნაციონალურ მოძრაბაში კი აცხადებენ, რომ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარებს.
„[უნდა] გავარკვიოთ და საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ, თუ მათი [შუამავლების] ამჟამინდელი კონსულტაციები საქართველოს ხელისუფლებასთან, რამდენად აძლევს მათ იმის განცდას, რომ ჩვენ შეიძლება ველოდებოდეთ იმას, რომ [ქართული ოცნება] შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც აიღო 8 მარტს“, – თქვა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
პარტიების განცხადებებს წინ ოპოზიცასა და ქართულ ოცნებას შორის პოლიტიკური დიალოგის შუამავლების – საქართველოში აშშ-ის, ევროკავშირისა და გერმანიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების – კელი დეგნანის, კარლ ჰარცელისა და ჰუბერტ ქნირშის 19 ივნისს გავრცელებული ერთობლივი განცხადება უძღოდა. მათ მოლაპარაკების მხარეებს, 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ და პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
ამ განცხდებამდე ორივე პოლიტიკური ძალა ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობას არ შეასრულებდა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და „პოლიტპატიმარ“ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებდა, ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ და მონაწილეობას არც მის განხილვაში მიიღებდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო
- პოლიტიკური დიალოგის შუამავლები მხარეებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისკენ მოუწოდებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)