Site icon Civil.ge

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ფოტო: parliament.ge

პარლამენტმა 21 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2020 წლის ოქტომბერში ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული სისტემით აირჩევს (77-ის ნაცვლად), ხოლო მაჟორიტარული წესით – 30-ს (73-ის ნაცვლად). პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება; აგრეთვე, პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.

სხდომას სულ 142 დეპუტატი დაესწრო. დაპირებისამებრ ცვლილებებს მხარი ევროპული საქართველოს წევრებმაც დაუჭირეს. თუმცა, მათთვის საკანონმდებლო ინიციატივის მეორე და მესამე მოსმენით მხარდაჭერის წინაპირობა გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

პოზიცია არ შეუცვლიათ და დღევანდელ განხილვას არ დასწრებიან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები. სხდომის დაწყებამდე მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, ისინი ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებას და „პოლიტპატიმარ“ გიორგი რურუას გათავისუფლებას ელიან.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი კიდევ რამდენიმე კანონმდებელმა არ დაუჭირა, მათ შორის იყვნენ, უმრავლესობის დეპუტატები: კახა ოქრიაშვილი და ალექსანდრე ერქვანია, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ბიძინა გეგიძე, პატრიოტთა ალიანსის აწ უკვე ყოფილი წევრი ემზარ კვიციანი და დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. კიდევ ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. 

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით დეპუტატები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში განიხილავენ.

პოლიტიკური შეფასებები

„ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის… ჩვენ ჩავატარებთ მორიგ საპარლამენტო დემოკრატიულ, ღია და სამართლიან არჩევნებს“, – თქვა სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნება ასრულებს თავის სიტყვას და 92 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ასევე იქნება მეორე და მესამე მოსმენაზეც“, – ხაზი გაუსვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება ახალი კონსტიტუციის მისაღებად „მნიშვნელოვან ნაბიჯად“ შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარტია ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენით მხარს დაუჭერს, თუკი 8 მარტის „შეთანხმების ყველა ნაწილი იქნება სრულყოფილად შესრულებული“

„მიმაჩნია, რომ ევროპული საქართველოს ხმები დღეს იყო გადამწყვეტი და არ მივეცით ქართულ ოცნებას საშუალება იგივე გაეკეთებინა, რაც გააკეთა ნოემბერში, როცა მთელი საზოგადოება მოატყუა“, – თქვა ევროპული საქართველოს დეპუტატმა დავით ბაქრაძემ.

საარჩევნო რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დიპლომატების შუამავლობით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო.

ცვლილებების კენჭისყრამდე, 19 ივნისს, პოლიტიკური დიალოგის შუამავლებმა – საქართველოში აშშ-ის, ევროკავშირისა და გერმანიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა – კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ჰუბერტ ქნირშმა ერთობლივი განცხადება გაავრცელს და მოლაპარაკების მხარეებს, 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ და პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)