Site icon Civil.ge

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას საერთაშორისო შეფასებები მოჰყვა

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

პარლამენტმა 21 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე შეთანხმებას, რომელსაც ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ უცხოელი დიპლომატების შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს, საერთაშორისო შეფასებები მოჰყვა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმების მიღწევაში, ქართველ დეპუტატებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მიულოცა. „ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ“, – ნათქვამია საელჩოს მიერ 21 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ასევე მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას: „მე 142 ხმა დავითვალე, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას უჭერდა მხარს 8 მარტის შემდეგ და მივესალმები, რომ პარლამენტმა 136 ხმით პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები“, – დაწერა ელჩმა Twitter-ზე და დასძინა: „ვიმედოვნებ ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას მისი [რეფორმის] საბოლოო წარმატების უზრუნველყოფისთვის“.

მიუხედავად დაბრკოლებებისა, ცვლილებების მიღებას ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინსინგერიც მიესალმა – „გრძელი გზა, თუმცა ამად ღირდა“, დაწერა მან Twitter-ზე.

ევროპარლამენტარებმა მარინა კალიურანდმა და სვენ მიკსერმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც დეპუტატების მიერ ცვლილებებისთვის ხმის მიცემას „დადებითი სიგნალი“ უწოდეს, რადგანაც ის ფართო კონსენსუნსზე დაფუძნებული მიდგომის დასტურია. მათ 8 მარტის შეთანხმების ყველა მხარეს მოუწოდეს, რომ ამ პოზიტიურ იმპულსს დაეყრდნონ, რაც მათი თქმით, საქართველოს პოლიტიკური გარემოს დეპოლიტიზირებას დაეხმარება და უზრუნველყოფს, რომ ის დემოკრატიული ნება, რომელსაც მოქალაქეები გამოხატავენ, სათანადოდ აისახება მომდევნო პარლამენტში.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2020 წლის ოქტომბერში ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული სისტემით აირჩევს (77-ის ნაცვლად), ხოლო მაჟორიტარული წესით – 30-ს (73-ის ნაცვლად). პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება; აგრეთვე, პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გერმანიისა და აშშ-ის ელჩების ხელშეწყობით გაიმართა.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)