Site icon Civil.ge

არასამთავრობოები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას მიესალმებიან

ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 22 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას მიესალმა და 8 მარტის შეთანხმების „სრულად შესრულების“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას, რაც როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების უმეტესობის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების თქმით, „საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება 2020 წლის არჩევნების წინ ქვეყანაში სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია“.

„არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამ ცვლილებების მხარდაჭერა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „პარტნიორობა ადამიანისუფლებებისთვის“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი““ და ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ 8 მარტის შეთანხმება, საარჩევნო სისტემის საკითხის გარდა, ასევე ითვალისწინებდა „მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზაციისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების“ საკითხის გადაჭრას.

გასულ კვირაში პოლიტიკური დიალოგის საერთაშორისო ფასილიტატორების მიერ გაკეთებული განცხადება „მკაფიოდ მიანიშნებს, რომ შეთანხმების ეს ნაწილი სრულად შესრულებული არ არის“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

მათ მოუწოდეს მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას, „უზრუნველყოს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულება, რათა გამოირიცხოს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით ანგარიშსწორებისთვის გამოყენების განცდა“.

„[საჭიროა] დროულად და დაბრკოლებების გარეშე იქნას მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“, – ხაზი გაუსვეს უფლებადამცველებმა.

ორგანიზაციებმა იმედი გამოთქვეს, რომ „ყველა პოლიტიკური პარტია აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას 8 მარტის შეთანხმებით შესასრულებლად და გადადგამს გონივრულ ნაბიჯებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები სამივე მოსმენით დროულად დამტკიცდეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)