Site icon Civil.ge

კვლევა: რესპონდენტები სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის გამო შეშფოთებას გამოხატავენ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა, ფოტო: facebook.com/SupremeCourtOfGeorgia/

გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი, ე.წ. „კლანი“ არსებობს, ნათქვამია “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ინფორმირებულია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ზოგადი პრობლემების შესახებ და ამავდროულად, სისტემური ხარვეზების სწორი აღქმა  გააჩნია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია.

საზოგადოების იმ 47%-დან, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი არსებობს, 84% თვლის, რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების მოქმედი წევრები უჭერენ მხარს.

გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის, ხოლო 40%-ს აზრით, “კლანის” გავლენის ქვეშაა.

გამოკითხულთა 48% თვლის, რომ საქართველოში გავრცელებულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება. 14%-ს კი მიაჩნია, რომ ამგვარი მიზეზით დაპატიმრება საერთოდ არ ხდება.

რაც შეეხება პროკურატურას, ორგანიზაციის თქმით, „საგანგაშოა საზოგადოებრივი აზრი პროკურატურასთან მიმართებაში“. კვლევის თანახმად, საზოგადოების 72% პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს უწყება სრულად ან ნაწილობრივ ემსახურება მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)