გაზ. ერთობა, 1920 წლის 29 ივნისი, N144
ბათომი გვიბრუნდება!
1918 წლის 3 მარტს (ძველი სტილით) ბრესტ-ლიტოვსკში საბჭოთა რუსეთისა და ცენტრალური სახელმწიფოების (გერმანია, ავსტრო-უნგრეთი, ოსმალეთი…) კოალიციას შორის საზავო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ძალითაც რუსეთმა ამიერკრავკასიის პოლიტიკურ ძალებთან შეუთანხმებლად ოსმალეთს მიაკუთვნა ბათუმის ოლქი. ამიერკავკასიაში ამ პერიოდისათვის მოქმედი ხელისუფლების ორგანოები არ ცნობდნენ ზავის პირობებს. 1918 წლის 12 მარტს ტრაპიზონში დაიწყო სამშვიდობო კონფერენცია ოსმალეთსა და ამიერკავკასიის პოლიტიკურ ძალებს შორის. თითქმის ერთთვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ოსმალეთი კვლავაც მოითხოვდა ზავის პირობების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო მოქმედებებით ლამობდა მისი პირობების აღსრულებას. ასეც მოხდა – ოსმალეთმა 1918 წლის მარტის ბოლო რიცხვებში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, ხოლო 1 აპრილს (ძველი სტილით) ბათუმი დაიკავა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ საქართველოსა და ოსმალეთს შორის გაფორმებული საზავო შეთანხმებით ბათუმი კვლავ ოსმალეთს დარჩა. 1918 წლის ნოემბერში მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შედეგად მისმა არმიამ ქალაქი ბათუმი და ბათუმის ოლქი დატოვა. ოსმალეთი ოლქში ბრიტანეთის საოკუპაციო ძალებმა შეცვალეს, რომლის მთავარ ინტერესსაც ბაქო-ბათუმის სავაჭრო-სატრანზიტო დერეფნის კონტროლი წარმოადგენდა. საქართველოს მთავრობა დიპლომატიური მოლაპარაკებებით ცდილობდა ოლქის დაბრუნებას, თუმცა პროცესი გაიწელა, საბოლოოდ ოლქის საქართველოსათვის დაბრუნების საკითხი კი 1920 წლის ივნისში გადაწყდა, როდესაც ბრიტანეთმა ბათუმიდან სამხედრო ძალების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა.
სარწმუნო წყაროებიდან ჩვენ შევიტყვეთ, რომ ბათომი და მისი ოლქი მოკლე ხანში საქართველოს რესპუბლიკას დაუბრუნდება.
მთელი ამ ორი წლის განმავლობაში, მიუხედავათ აუარებელ ფრონტებისა, შინაურ მდგომარეობის გართულებისა და უთვალავი საჭირ-ბოროტო კითხვებისა საქართველოს დემოკრატიის განცდაში იყო ერთი შავი წერტილი, რომელიც მას გულს უღრღნიდა და მის მრავალ გამარჯვებას შავ დაღს ასვამდა. ეს იყო ბათუმის საკითხი. დღიდან მის დაკარგვისა საქართველოს დემოკრატიას მტკიცედ და შეურყეველად ჰქონდა გადაწყვეტილი მისი დაბრუნება, თავის კულტურის, ამ პოლიტიკური აკვანის შემოერთება. დღეს საქართველო ამ მიზანს აღწევს. მისი გამარჯვება სრულია. ბათომი და მისი ოლქი გადადის ნამდვილი პატრონის ხელში. ჩვენს დემოკრატიას შეუძლიან იამაყოს თავისი სურვილის განხორციელებით. მიუხედავათ ჩვენი მტრების ფარული და აშკარა მუშაობის, საქართველოს რესპუბლიკისადმი სიმპატია დიდია ბათუმის ოლქში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის უცხო ელემენტები, რომელთაც შეცდომაში შეჰყავთ ადგილობრივი მცხოვრებლები, უსიტყვოდ დაემორჩილებიან ყველა სახელმწიფოების გადაწყვეტილებას, რომ ბათუმი და მისი ოლქი საქართველოს გადაეცეს.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი შესაფერ ანგარიშს გაუწევენ მთელი ქართველი ერის მტკიცე სურვილს, რომ დამყარდეს ქალაქში და ოლქში დემოკრატიული წესრიგი და მიეცეს ადგილობრივ მცხოვრებთ სრული გარანტია ნორმალური განვითარებისთვის. ამას მოითხოვს დღევანდელ პირობებში მათი სწორად გაგებული სასიცოცხლო ინტერესები.
ანარქიული ელემენტების წყალობით საქართველოს დროებით მოშორდა მისი თავი და კულტურულ განვითარების აკვანი. დარაზმულ და შეკავშირებული საქართველოს დემოკრატია უკან იბრუნებს ბათუმს.
დღეიდან გზა ევროპისაკენ სამუდამოთ გახსნილია. ჩვენი დემოკრატია სავსებით ისარგებლებს ამ გზით თავსი სოციალურ-ეკონომიური და კულტურული განვითარებისათვის.