Site icon Civil.ge

სუს-ი „მთავარი არხის“ რეპორტაჟს საბოტაჟის მუხლით იძიებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლოგო. წყარო: facebook.com/sssgeo/

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „საბოტაჟის ფაქტზე“, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში 20 ივნისს გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასული სიუჟეტის გამო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  საქართველოს დასუსტების მიზნით, სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ისჯება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 25 ივნისს გავრცელებული განცხადებით, გადაცემა „შაბათის მთავარში“  გასული სიუჟეტი  მოსახლეობის „დეზინფორმირების მიზნით, სიცრუეზე იყო აგებული“. კერძოდ სუს-ის ინფორმაციით, სიუჟეტში საუბარი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტში თითქოს  მედპერსონალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს  გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას, 3000-დან 10000 ლარამდე სთავაზობდნენ.

სუს-ის ინფორმაციით, საბოტაჟის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით ის პირები გამოიკითხნენ, რომელთა ინტერვიუებიც გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა, რა დროსაც მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ სიუჟეტში, „მათი ინტერვიუები იყო დამონტაჟებული“, რადგან ჟურნალისტს განუცხადეს, რომ არ ფლობდნენ ინფორმაციას გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ თანხის შეთავაზების  შესახებ.

სუს-ის განმარტებით, ტელეკომპანიამ მოსახლეობის აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუების „შეგნებულად არასწორი თარგმანი  და  ფაქტების დიამეტრულად განსხვავებული ინტერპრეტაციით გაშუქება მოახდინა“.

„აღნიშნული ქმედებით, ტელეკომპანია „მთავარი არხი“, ერთის მხრივ შეეცდებოდა ხელისუფლების დისკრედიტაციას და დაადანაშაულებდა მას მიზანმიმართულ უკანონო ქმედებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოებაში დათესავდა დაუცველობის განცდას…  საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების გზით, უარყოფით ზემოქმედებას მოახდენდნენ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევდა მათ სამართლიან პროტესტს და ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას”,- ნათქვამია სუს-ის 25 ივნისის განცხადებაში.

უწყების განცხადებით, შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე  შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი გადაწყდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ასევე რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე, რომლებმაც ამ თემასთან დაკავშირებით ფეისბუქპოსტები დაწერეს.

„დამირეკეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ოფიციალურად გირეკავთო, თქვენ დაწერეთ თუ არა ესა და ეს პოსტი ფეისბუქზეო. პოსტი კოვიდ19-ის შესახებო. რა სუს-ის საქმეა, რას დავწერთქო და არა, გინდა თუ არა მიპასუხეთო“, – წერს ხათუნა სამნიძე საკუთარ ფეისბუქზე და იქვე აღნიშნა, რომ სუს-გან დღეს უწყება მიიღო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულ გამოძიებას 26 ივნისს ნაციონალური მოძრაობა გამოეხმაურა და აღნიშნული ფაქტი „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად“  და „ცენზურის“ დაწესების მცდელობად  შეაფასა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ეს არის „საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც უკავშირდება კრიტიკულ და თავისუფალ მედიაში, სოციალურ ქსელებში აზრის დაფიქსირების გამო რესპოდენტების და ჟურნალისტების მასიურად დაბარებას სუს-ში და მათი დაშინების მცდელობას“.

25 ივნისს ევროპული საქართველოს წევრმა, ახმედ იმამკულიევმაც სუს-ის მხრიდან სიუჟეტში ნაჩვენები პირების დაბარება „დაშინების“ მცდელობად შეაფასა.

ამ თემაზე კომენტარი უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ ეს ფეიკი აღარ არის და „მიზანმიმართული დარტყმაა სახელმწიფოზე და საქართველოს წარმატებაზე, რომლითაც საქართველო ამაყობს მსოფლიოს წინაშე და ამ წარმატებას ერქვა კოვიდ-19 წინააღმდეგ ეფექტიანი მენეჯმენტი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)