ნატალი საბანაძე საქართველოს ელჩია ევროკავშირში
გასულ კვირას ევროკავშირის 27 წევრსა და აღმოსავლელ პარტნიორებს შორის ვირტუალური სამიტი ჩატარდა. მან ურთიერთობის მნიშვნელობას კი გაუსვა ხაზი, თუმცა ისიც ნათლად წარმოაჩინა, რომ გაურკვეველია, თუ საით მიდის ეს ურთიერთობა.
სანამ ამ ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს 2021 წლის დასაწყისში პირისპირ შეხვდებიან, ფრიად მნიშვნელოვანია საერთო ინტერესების უკეთ განხორციელების ვარიანტებზე ფიქრი.
ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია შეიქმნას ერთგვარი შუალედური გაჩერება ევროკავშირისაკენ წევრობის გზაზე საქართველოსა და მისი მსგავსად პრო-ევროპული ქვეყნებისათვის. ევროპის ეკონომიკური სივრცის მაგვარი ინსტიტუტის შექმნა შეიძლება ამგვარ ნაბიჯად იქცეს – ევროპის ერთიან ბაზარში გაწევრიანებით ის ამ ქვეყანათა უფრო ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნას დამატებით ბიძგს მისცემს.
ევროკავშირი თავის აღმოსავლელ პარტნიორებს – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა – 18 ივნისს უნდა შეხვედროდა, თუმცა საქმეში პანდემია ჩაერია და კავშირის 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები ვირტუალურად დაუკავშირდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ლიდერებს.
ამით ევროკავშირმა პოლიტიკური მხარდაჭერა და კრიზისის ჟამს სოლიდარობა გამოხატა. შეხვედრის მთავარი შედეგი რეალური სამიტის მომავალი წლის დასაწყისში დანიშვნა იყო. იმაზეც შეთანხმდნენ, რომ მომავალ სამიტზე იმ ამოცანებზეც დასახავენ, რომლებმაც 2020 წლის შემდგომ ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი უნდა განსაზღვრონ.
ოღონდაც, დღის წესრიგის განსაზღვრამდე ალბათ კარგი იქნებოდა ევროკავშირს ჯერ ამ ურთიერთობის მიზანზე მიეღო მკაფიო გადაწყვეტილება. ამოცანები და ტექნიკური დავალება ხომ სწორედ მიზანს უნდა ექვემდებარებოდეს, მისი განხორციელებისაკენ უნდა ისწრაფოდეს.
აღმოსავლეთის პარტნიორობის პროცესის დაწყებიდან უკვე ათი წელი გავიდა და, უნდა ვაღიაროთ, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა.
ევროკავშირი რეგიონში ახლა ბევრად უკეთ წარმოჩინდა, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, მათი მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გადაადგილდებიან.
ამ ქვეყნების ინსტიტუციური, სოციალ-ეკონომიკური და თუნდაც წმინდად ემოციური კავშირები ევროპასთან განმტკიცდა, პოლიტიკური კავშირი კი — გაღრმავდა.
ევროკავშირიდან წამოსული დახმარება მოქალაქეების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის, პარტნიორობის თითოეული წევრის ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირთან ბევრად უფრო მაღალ დონეზეა.
უფრო ახლო სამეზობლო
მარტივად რომ ვთქვათ, აღმოსავლეთის პარტნიორობამ ევროკავშირსა და მის პარტნიორებს შორის მანძილი შეამცირა, როგორც ამ სიტყვის პირდაპირი, ისე – გადატანითი მნიშვნელობითაც.
ურთიერთკავშირს მრავალი პროექტი ამყარებს – ადამიანებს შორის კავშირებიც იზრდება და პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ბიუროკრატიული ძაფებიც გაიბა.
საქართველოში ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია – ჩვენს ქვეყანას 2000 წლების დასაწყისში ევროკავშირი მეზობლადაც არ თვლიდა, დღეს კი იგი ასოცირებული პარტნიორია, თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებებით სარგებლობს. ქვეყანაში ევროკავშირს გარეთ პირველი „ევროპული სკოლაც“ კი გაიხსნა.
დადებითი ცვლილება მრავლადაა, თუმცა პრობლემაც ბევრი რჩება.
აღმოსავლელი პარტნიორების ქვეყნების უმრავლესობა უსაფრთხოების დეფიციტს განიცდის და მათი პოლიტიკური სტაბილურობაც მყიფეა. ომები ამ ქვეყნებისათვის ყოველდღიური რეალობაა, საზღვრები კვლავაც სადავოა; ფაქტია მათი არასაკმარისი ეკონომიკური განვითარებაც.
ამ ვითარებაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ამოცანად ევროკავშირთან მანძილის შემცირების ნაცვლად, მისგან განსხვავების შემცირება უნდა იქცეს; კავშირების დამყარებიდან საერთო სივრცის შექმნაზე უნდა გადავიდეთ, რომელშიც ევროკავშირში და მის გარეთ მყოფი ქვეყნები ერთმანეთს სულ უფრო დაემსგავსება.
როგორც კი საერთო მიზანზე შევთანხმდებით და გვეცოდინება, რის მიღწევას ვცდილობთ, შეგვეძლება მისი განხორციელების გზებზეც ვიფიქროთ.
18 ივნისის კონფერენციაზე ითქვა, რომ ზოგიერთი ქვეყნისათვის – მათ შორის, საქართველოსათვის – შემდეგ მიზნად შეიძლება ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრაცია იქცეს.
ამ შეხვედრამდე, საქართველომ ევროპის ეკონომიკური სივრცის გამოცდილება შეისწავლა. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ შეიძლება ამ მოდელის მთლიანად კოპირება ვერ მოხერხდეს, მაგრამ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის ის ასოცირების ხელშეკრულებაზე მეტის შეთავაზების ერთ-ერთ მოდელად შეიძლება იქცეს.
თუკი გვინდა, რომ დასახული ამოცანა კონკრეტულ ღონისძიებებად გარდაისახოს, ის ორ პირობას მაინც უნდა აკმაყოფილებდეს.
ერთი მხრივ, ის მონაწილე მხარეების საერთო ინტერესის საგანს უნდა შეადგენდეს. მეორეს მხრივ კი, შესაძლებელი უნდა იყოს ამ ამოცანის მიღწევის ხელშესახები შეფასება.
ევროპული ეკონომიკური სივრცის მსგავსი ერთობის შექმნა ამ პირობებს აკმაყოფილებს. ის შეგვიძლია ასოცირების შეთანხმების შემდგომ ნაბიჯად განვიხილოთ, რის პირობადაც კონკრეტული მიმართულებებით აშკარა და ხელშესახები ცვლილებების განხორციელება იქცევა.
ამავე ინსტრუმენტით ევროკავშირი შეძლებს დაინტერესებული პარტნიორების მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ მთავრობებს პასუხი მოსთხოვონ დასახული ამოცანების შესრულებასა თუ შეუსრულებლობაზე.
ევროკავშირის მიერ პირობების დაწესება და პრო-ევროპული განწყობების მქონე მოქალაქეების მხრიდან ხელისუფლებაზე ერთობლივი ზეწოლის კომბინაცია ამ ქვეყნების ტრანსფორმაციის ხელშესაწყობად ევროკავშირს საიმედო ბერკეტებს მისცემს.
ამავე გზით, ევროკავშირი საერთო ბაზარსაც გაიფართოვებს და თავის საზღვრებთან უფრო სტაბილურ და უსაფრთხო გარემოსაც შეიქმნის.
ახალმა ევროკომისიამ განაცხადა, ევროკავშირის გეოპოლიტიკური გულუბრყვილობის დრო დასრულდაო და აღიარა, რომ დღევანდელი საერთაშორისო სისტემა შეჯიბრზეა დაფუძნებული.
კომისიას ჯერ არ უთქვამს, როგორ აპირებს ამ შეჯიბრში მონაწილეობას და რა გზებს სახავს მასში გასამარჯვებლად. ამის გასაკეთებლად, ევროპული სამეზობლოს საკუთარი გეოპოლიტიკური უპირატესობის განსახორციელებლად მომართვა კარგი დასაწყისი იქნებოდა.