117 ხმით 3-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებს, რომლებიც ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად „პოლიტპატიმარ“ გიორგი რურუას გათავისუფლებასა და 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებას მოითხოვდნენ.
ახლადმიღებული შესწორებების თანახმად, მეათე მოწვევის პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი და ერთმანდატიანი ოლქებიდან არჩეული 30 მაჟორიტარი შევა. 1%-იანი იქნება საარჩევნო ბარიერი. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები უკვე სრულად პროპორციული წესით ჩატარდება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესაბამის ცვლილებებს ხელი უკვე მოაწერა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს, 136 ხმით მიიღო. კანონპროექტი მეორე მოსმენაზე 23 ივნისს გავიდა. მეორე მოსმენაზე ცვლილებების მხარდამჭერთა რიგებს ევროპული საქართველოს დეპუტატები გამოაკლდნენ, თუმცა პარლამენტში საკმარისი ხმები მაინც მოგროვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის მიერ ცვლილებების მიღებას მიესალმა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ქართული ოცნების მიერ გადადგმულ „მნიშვნელოვან ნაბიჯზე“ გაამახვილა ყურადღება. მანვე ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღების გამო გააკრიტიკა და ისინი „ვიწრო პოლიტიკური ინტერესების“ გატარებაში დაადანაშაულა.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კი განმარტა, რომ დღევანდელი კენჭისყრა იყო „წყალგამყოფი ხაზი“. მანვე აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ქვეყანას „წარსულში ექაჩებიან“.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასებით, ქართული ოცნების თავმჯდომარემ „საშინაო და საგარეო წნეხს“ ვერ გაუძლო და იძულებული იყო, რომ ცვლილებები მიეღო. „იყო დიდი საფრთხე მისი პირადი ფინანსური რესურსების და ქონების დაკარგვის“, – თქვა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ ამით 8 მარტის შეთანხმების მხოლოდ ერთი ნაწილია შესრულებული რადგანაც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი – გიორგი რურუა კვლავაც პატიმრობაში რჩება.
„პოლიტიკური პროცესის“ ნორმალიზებისა და „კრიზისული“ სიტუაციის განმუხტვისთვის, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემაც. მანვე შექმნილ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დააკისრა.
საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, 8 მარტს, დიპლომატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შედეგია.
საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, 8 მარტს, დიპლომატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შედეგია.
შეთანხმება გასული წლის ნოემბერში, ქართული ოცნების მიერ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მისივე დაპირების ჩაგდების შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის რამდენიმეთვიან მოლაპარაკებებს მოჰყვა.
ასევე წაიკითხეთ:
- პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
- პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)