საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ კომენტარს ქართულ პოლიტიკური წრეებში უთანხმოება მოჰყვა. ქართველი ოპოზიციონერების გულისწყრომა გამოიწვია გერმანიის ელჩის მიერ 26 ივნისს იმის თქმამ, რომ 8 მარტის შეთანხმებაში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა ნახსენები საერთოდ არ არის.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ „პოლიტპატიმარ“ გიორგი რურუას გათავისუფლება მმართველ პარტიასთან მიღწეული კომპრომისის ნაწილია. ოპოზიციის მტკიცებას უარყოფს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი დაპირება 8 მარტის შეთანხმებაში გათვალისწინებული არ ყოფილა.
გერმანიის ელჩის კომენტარზე პასუხად „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ელჩი „თარგმანში დაკარგულს“ ჰგავს და „ახლა რაღაცნაირად ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს“.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კი გერმანიის ელჩი „ქართული ოცნებიდან“ დაფინანსების მიღებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქნირში გერმანიის მთავრობამ უნდა გაიწვიოს. მან გერმანიის ხელისუფლებას „პრო-რუსული“ უწოდა.
ბოკერიასა და ნათელაშვილის განცხადებების შემდეგ, მმართველმა პარტიამ განცხადება გამოაქვეყნა და „ჩვენი ქვეყნის სახელით“ გერმანიის ელჩს ბოდიში მოუხადა. „ქართული ოცნება“ წერს, რომ ოპოზიციის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები „უხეშად არღვევდა ზრდილობისა და ეთიკის ელემენტარულ ნორმებს“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰუბერტ ქნირშის განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. 25 ივნისს, გერმანიის საელჩომ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ელჩი შეშფოთებას გამოხატავს უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართვის გამო, რომელთაც გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს მოუწოდეს, რომ უარყოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის კანდიდატურა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად. ელჩმა ორგანიზაციები „პირადი ხასიათის თავდასხმების“ გამო გააკრიტიკა, რაც მისი თქმით,საქართველოში „უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს“ არსებობის ფონზე „სამწუხაროა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)