საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე 117-ი ხმით 3-ის წინააღმდეგ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებები, რომლებზეც მმართველი პარტია ქართული ოცნება და ოპოზიცია 8 მარტს შეთანხმდნენ, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.
კენჭისყრაში მონაწილეობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს არ მიუღიათ. მთავარი ოპოზიციური პარტიები შესწორებებისათვის ხმის მიცემის წინაპირობად „პოლიტპატიმარ“ გიორგი რურუას გათავისუფლებასა და 8 მარტის შეთანხმების „სრულად შესრულებას“ ასახელებდნენ.
„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ საკონსტიტუციო შესწორებათა საბოლოო მოსმენით მიღების ამბავზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოხმაურებას.
გამოხმაურებები მმართველი გუნდიდან:
გიორგი გახარია – პრემიერ–მინისტრი: „ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ჩვენ გვაახლოებს უფრო პროპორციულ და საბოლოო ჯამში, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან, ჩემთვის, პირადად, ნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მიღწევას. პირველი, ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა და ვერავინ ეს ვერ გააკეთა. ეს შეძლო ქართულმა ოცნებამ, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, სახელისუფლებო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება და გააკეთა, ის რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების და ამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო. აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი და ამას მივეცით ახლა ჩვენ ხმა. ვინც გარკვეული, ვიწრო პოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს აბსოლუტურად გაურკვეველი, კრიმინალური ქეისებით, ეს თავის გამართლება უბრალოდ არ იმუშავებს… ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის ის, რომ არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ, უმაღლეს სტანდარტებს“.
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის წევრებმა უმრავლესობით დაადასტურეს კენჭისყრაზე, არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველომ საზოგადოებას და [უცხოელ] პარტნიორებს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს თავისი დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობ, რომ დღევანდელი კენჭისყრა ეს უკვე იყო წყალგამყოფი, ეს იყო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც დარჩა ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა. გამოჩნდა, რომ ისინი წარსულში ექაჩებიან ქვეყანას, მეორე მხარეს დარჩა პასუხისმგებლიანი, სახელისუფლებო ძალა – ქართული ოცნება და დარჩა ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა და მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი: „ეს დღე, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს დღე, ასევე, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით, 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება. ეს დღე არის ქართული ოცნების გამარჯვებაც. ეს დღე არის იმ მუდმივი და თანმიმდევრული დემოკრატიული წინსვლის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შემდგარი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო. დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული – ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა“.
გამოხმაურება ოპოზიციიდან:
რომან გოცირიძე – „ნაციონალური მოძრაობა“: „ვერ გაუძლო ბიძინა ივანიშვილმა საგარეო და საშინაო წნეხს, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, მათ შორის, იყო დიდი საფრთხე მისი პირადი ფინანსური რესურსების და ქონების დაკარგვის. [იგი] ერთხელ იყო გაფრთხილებული საერთაშორისო პარტნიორებისგან, თუკი არ იქნებოდა შეთანხმება შესრულებული, მას დაემუქრებოდა სანქციები. ამიტომ, შეთანხმების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული. მისასალმებელია ეს ფაქტი… ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა, ვიყავით პრინციპულები და დავრჩით ჩვენი პრინციპების ერთგული“.
ირაკლი აბესაძე – „ევროპული საქართველო“: „ქართული ოცნება“ იძულებული და ვალდებული იყო ეს საკონსტიტუციო ცვლილება მიეღო… პირველ მოსმენაზე, როცა ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ და კონსტიტუცია არ ჩავარდა, ამის შემდეგ მათ აღარანაირი შანსი, გარდა საკუთარი თავის სრული ლუსტრირებისა, არ ჰქონდათ. მაგრამ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესასრულებელია, თუკი ჩვენ გვინდა ვისაუბროთ პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებაზე და იმ მწვავე, კრიზისული სიტუაციის განმუხტვაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა და რაზეც ქართული ოცნება სრულად არის პასუხისმგებელი“.
თამარ ჩუგოშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი: „მოუწია ხელისუფლებას იმის გააზრება და აღიარება, რომ რაც ნოემბერში მოხდა, ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელიც ვერ დარჩებოდა უკვალოდ და მაინც იძულებული გახდებოდა ხელისუფლება გადაწყვეტილება მიეღო. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია იყო გადამწყვეტი… ეს ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ სამომავლოდ ქვეყანაში ნორმალური, დაბალანსებული და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები წარიმართოს“.
ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი: „ეს ცვლილება „ქართულმა ოცნებამაც“ გააცნობიერა და გააცნობიერებინეს მას როგორღაც. საჭიროა [მხოლოდ] ეს ორი არჩევანი, რომელიც მუდმივად იყო ამ ბოლო წლებში – ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა – აღარ იყოს. საჭიროა სხვა არჩევანი, თუნდაც მცირე ჯგუფები, ახალი ალტერნატივებიც, რაც მისცემს შესაძლებლობას [საქართველოს], რომ პარლამენტი გამოვიდეს ამ აგრესიული, დაპირისპირებული, ძალიან მძიმე პოლიტიკური ორ პოლუსიანი ფორმულიდან და გადავიდეს უკვე ახალ ეტაპზე, სადაც იქნება კოალიციური მმართველობა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)