Site icon Civil.ge

სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე 17 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

მცხეთის რაიონული სასამართლო. ფოტო: www.facebook.com/geocourts

28 ივნისს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ეჭვმიტანილებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირისადმი ჯგუფური ძალადობა ედებათ ბრალად. პოლიციამ 17 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია 26 ივნისს გაავრცელა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამეს მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მისი მეგობრის მიერ მცხეთაში ნაქირავებ სახლში დაბადების დღის აღნიშვნა ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, შაქარაშვილის ერთ-ერთი მეგობარი ერთ-ერთმა ჯგუფმა მაშინ დაიჭირა, როდესაც მსხვერპლი და მისი მეგობრები მდინარე არაგვის ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობდნენ.

22 ივნისს, რამდენიმედღიანი ინტენსიური სამაშველო-სამძებლო ღონისძიებების შემდეგ, შაქარაშვილის გვამი მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ; თუმცა, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდებაც დამძიმდეს.

გარდაცვალების მიზეზების შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, თუმცა ამ დრომდე მიმდინარეობს სასამართლო ექსპერტიზა და საქმის დეტალები კვლავაც ბურუსითაა მოცული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)