ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა ტიტუს კორლაცეანმა და კლოდ კერნმა 29 ივნისს განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმისათვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმნენ.
თანამომხსენებლებმა თქვეს, რომ ამით 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „უფრო პროპორციული იქნება, რაც უფრო პლურალისტური და წარმომადგენლობითი პარლამენტის არჩევის შესაძლებლობას ქმნის“.
იმავდროულად, მათ სინანულიც გამოთქვეს იმის გამო, რომ 8 მარტის პოლიტიკურ შეთანხმებას „ნაკლებად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“ არ მოჰყოლია.
თანამომხსენებლებმა „ყველა მხარეს“ მოუწოდეს ურთიერთთანამშრომლობისა და 8 მარტის შეთანხმების „დარჩენილი ნაწილის“ შესასრულებისაკენ.
ამას გარდა, კორლაცეანმა და კერნმა სხვადასხვა მხარეს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ისეთი ტიპის განცხადებებისაგან, რომლებიც ხელს უწყობს პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში. მათი თქმით, პოლარიზაცია უარყოფითად აისახება „ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების“ ჩასატარებლად საჭირო გარემოზე.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით 29 ივნისს მიიღო და მხარი დაუჭირა მომავალი მოწვევის პარლამენტის ე.წ. 120/30-ზე სისტემით მოწყობას. ამ საარჩევნო მოდელზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია 8 მარტს, უცხოელი დიპლომატების შუამავლობით შეთანხმდა.
თუმცა, ოპოზიცია და ხელისუფლება კვლავაც ვერ თანხმდება, მოიაზრებდა თუ არა შეთანხმება ე.წ. „პოლიტპატიმრების“ საკითხს. ამის გამო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)