გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 30 ივნისი, N145
გაზ. „ტანი“ საქართველოს შესახებ.
„ტანი“ ათავსებს საგანგებო წერილს საქართველოს შესახებ. წერილის ავტორი ბატონი ჟანტიზონი წერილის თავში იძლევა მოკლე რეზიუმეს საფრანგეთ-საქართველოს დამოკიდებულების შესახებ. საქართველოში, ამბობს ავტორი, ყოველთვის დიდი იყო საფრანგეთის გავლენაო. რუსეთთან დამოკიდებულებამდის საქართველომ ლუი მე-14-სთან დანიშნა თავისი ელჩი. ნაპოლეონს გეგმაში ჰქონდა საქართველოსთან კავშირის შეკვრა. მაგრამ ტილზიტის შემდეგ ფრანგებს 117 წლის განმავლობაში მოესპო საშუალება საქართველოსთან დამოკიდებულების დაჭერისა.
შემდეგ დადგა ხანა საქართველოში საფრანგეთის გავლენის თანდათან დაცემისა. ამასთანავე ავტორი ადასტურებს, რომ ინგლისს ძალიან ცოტა გავლენა ჰქონდა საქართველოზეო. ამავე დროს ძლიერი იყო გერმანელების გავლენაო, რასაც ხელი შეუწყო იმან, რომ 1918 წელს გერმანელებმა საქართველო გადაარჩინეს ოსმალეთის შემოსევისაგანო. გერმანულ გავლენის გაძლიერებას ხელი შეუწყო ამიერკავკასიაში მყოფმა გერმანელმა კოლონისტებმა. საქართველოში მრავალი გერმანული სამეცნიერო ექსპედიცია იყო, ამ ქვეყნის საფუძვლიანათ შესწავლის მიზნით მოწყობილი.
შემდეგ ავტორი აღნიშნავს, რომ საჭიროა ზომების მიღება ამ ქვეყანაში საფრანგეთის გავლენის გასაძლიერებლად. კერძოდ, საჭიროა საქართველოში ფრანგული ენის გავრცელებაო. ავტორი წინადადებას იძლევა, სანამ დაგვიანებული არ არის გავაგზავნოთ ფრანგულის მასწავლებლები ტფილისში და საქართველოში ფრანგული ლიცეიც კი დავაარსოთო. ავტორი აღნიშნავს აგრეთვე საქართველოსთან სავაჭრო დამოკიდებულების საჭიროებას. საფრანგეთს შეუძლია საქართველოდან მიიღოს საჭირო ნედლი მასალა, მით უმეტეს, რომ საქართველოში ფრანკმა თავისი ღირებულება შეინარჩუნაო. ჟანტიზენი ამბობს: საფრანგეთი ამ დარგში ჩამორჩა სხვა ქვეყნებს და განსაკუთრებით იტალიას, რომელმაც უკვე გააგზავნა, კომისია რესპუბლიკის ეკონომიურ პირობების შესასწავლად. საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრის ჩამოთვლის შემდეგ ავტორი აღნიშნავს მარგანეცის უმდიდრეს მადანს რომელიც ასე სჭირდება საფრანგეთს და სხვა.