გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 2 ივლისი, N146
ბათუმის შემოერთების გამო
ოლქის მცხოვრებთ
სამართლიანმა საქმემ გაიმარჯვა, ინგლისმა და მისმა მოკავშირე სახელმწიფოებმა გადასწყვიტეს ბათომი და მისი ოლქი საქართველოს დაუბრუნდეს სამუდამოთ.
თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ძმობა-ერთობას ყავდა გარეშე მტრები. ასეთივე თითო-ოროლა შეგნებული თუ შეუგნებელი მტერი შიგნითაც გვყავდა და შეიძლება დღესაც არიან. ეს მოსყიდული აგენტები ავრცელებენ თქვენს შორის ამბებს, თითქოს საქართველოს რესპუბლიკა დასჩაგრავს და შეურაცხყოფს თქვენს სარწმუნოებას და ადათს. ამ მოღალატეებმა კიდეც მიაღწიეს რამდენიმეთ თავის მიზანს, გააბრიყვეს ზოგი თქვენგანი და ძმას ძმის სისხლი დააღვრევინეს, ეხლა ბნელი პირები ავრცელებენ ხმებს თითქოს საქართველოს რესპუბლიკა მოდის ბათუმის მხარეში სისხლის ასაღებათ. ეს ტყუილია.
საქართველოს მთავრობა გადაჭრით და საჯაროთ აცხადებს, რომ ყოველგვარი დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ ამ დრომდის ჩადენილი ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ პატიებულია, მისთვის პასუხს არავინ აგებს, თუ ეს პირნი ამიერიდან არ გაიმეორებენ თავის შეცდომას.
მაგრამ თუ ვინმე აღუდგა წინ ხალხის ნება-სურვილს, მთავარ სარდალს ნაბრძანები აქვს მიიღოს უსასტიკესი ზომები ასეთი ბნელი ძალების წინააღმდეგ.
საქართველოს რესპუბლიკა მოდის თქვენთან და თან მოაქვს მშვიდობა და ძმური სიყვარული. რესპუბლიკის მხედრობა მოდის თქვენთან წესიერების დასამყარებლად, ავკაცობის მოსასპობათ, ფუხარა ხალხის დასაცავათ და თქვენი თავისუფალი ცხოვრების განსამტკიცებლათ. ყველამ თავთავის ადგილზე მშვიდობიან მუშაობით ხელი შეუწყევით ახალი თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრების დაწყებას. არ აყვეთ ბოროტ ხმებს, რომელსაც თქვენი და ჩვენი მოსისხლე მტრები ავრცელებენ.
სრული ამინისტია წარსულისათვის. ძმობა, ერთობა, თავისუფლების განმტკიცება მომავლისათვის – აი რა აზრით მოდის საქართველოს დემოკრატიული ჯარი და სახალხო გვარდია რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებში – ბათუმის ოლქში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა
აჭარის მცხოვრებნო!
შეთანხმების სახელმწიფოების გარდაწყვეტილებით, ინგლისთან შეთანხმებით და საბჭოთა რუსეთთან დადებული ხელშეკრულების ძალით ქალაქი ბათომი და ბათომი ოლქი გადაეცა საქართველოს რესპუბლიკას. საქართველოს მთავრობის ბრძანებით მე ჯარებით შევდივარ ბათომის ოლქში.
დემოკრატიულ საქართველოს მთავრობამ თქვენ უკვე გამცნოთ თავისი გადაწყვეტილება. კაცთმოყვარეობის და ჰუმანობის აზრით და აგრეთვე თქვენთვის ომის ყველა საშინელებათა თავიდან ასაცილებლად წინადადებას გაძლევთ არ გაუწიოთ წინააღმდეგობა ჩვენი ჯარის შემოსვლას ოლქში და არ დაიწყოთ ომი თქვენი ძმების ქართველების წინააღმდეგ.
საქართველოს ჯარები არავის ხელს არ ახლებენ, არავის არ აწყენინებენ. პირიქით, ისინი დაიცავენ მშვიდობიან მცოვრებთ ყაჩაღებისაგან, მცარცველებისაგან და ყველა იმათგან, ვინც თქვენ გაქეზებთ ქართველების წინააღმდეგ. მაგრამ თუ თქვენ წინააღმდეგობა გასწიეთ, მაშინ თქვენ მოგელით ღვთის რისხვასავით მკაცრი დასჯა საქართველოს ჯარების მთელი თავისი საშინელებით.
ვინც იარაღით ხელში წინააღმდეგობას გაუწევს ჯარს, მას მოექცევიან როგორც მოაჯანყეს და ის მაშინვე დახვრეტილ იქნება. მისი ადგილ-მამული და ქონება, აგრეთვე მამული მამისა, დედისა და ძმებისა ჩამორთმეული იქნება და ჩაირიცხება სახაზინოდ. ხოლო ოჯახი და მთლად გაგდებულ იქნება ბათუმის ოლქის საზღვრებიდან.
ის სოფელი, საიდანაც თოფი გავარდება, გარშემორტყმული იქნება და სასტიკად დაისჯება.
მშვიდობიანი მუშაობის შესაძლებლობა, კეთილდღეობა და თვით თქვენი ბედი თქვენს ხელთ არის. გახსოვდეთ ეს ჩემი გაფრთხილება.
საქართველოს შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდალი
გენერალი გიორგი კვინიტაძე