Site icon Civil.ge

1 ივლისი, 1920: ქართულმა ჯარმა ინგლისის თანხმობით ქობულეთი დაიკავა

ქართველი ცხენოსნები ბათუმში. 1920 წლის 7 ივლისი. ფოტო: legionerebi.com

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 2 ივლისი, N146

ბათუმის შემოერთების გამო

ჩვენი ჯარი ბათომში

გენერალური შტაბის ცნობით ინგლისის სამხედრო სარდლობის თანხმობით 1 ივლისიდან დაიწყო ჩვენი ჯარების წინსვლა ბათუმის ოლქის დასაკავებლად. დილის 4 საათსა და 20 წუთზე ჯარებმა უინციდენტოდ ნატანებ-ქობულეთის რკინის გზის ხაზი სადგური ქობულეთი და კინტრიშის ხიდი  დაიჭირეს. ჩვენი ჯარებისათვის არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

კუკ-კოლისის განკარგულება

კუკ-კოლისის განკარგულებით ოლქში გაიგზავნა ინგლისის ოფიცრები მთარგმნელებით იმ მიზნით, რომ ხალხს აუწყონ ანტანტის ნება-სურვილი ბათომისა და მისი ოლქის საქართველოზე გადაცემის შესახებ. მცხოვრებლები ამ ცნობების გამოქვეყნებას სრულის თანაგრძნობით შეხვდენ. ზემო აჭარის ყაჩაღთა ბრბო იძულებულია თავისი ლიკვიდაცია მოახდინოს.

დამფუძნებელი კრების წევრები ბათომში

ბათოში მოვიდნენ დამფუძნებელი კრების წევრები: საყვარელიძე, ფირცხალავა, გობეჩია და ვეშაპელი რათა მცხოვრებლებისათვის ემცნოთ ანტანტის მიერ ბათომისა და მისი ოლქის გადაცემა. ამ ცნობას ადგილობრივი მცხოვრებლები ზეიმით შეხვდენ. ადგილობრივ ქართველთა შორის დიდი აღფრთოვანებაა. მცხოვრებლები მოუთმენლად ელიან ჩვენს ჯარს და ემზადებიან საზეიმო შესახვედრათ. აირჩიეს კომისია დღეს სასწაულის მოსაწყობათ. ამასთანავე აიწია ქართული მანეთის კურსმა.

აღლუმი ქობულეთში

გუშინ დილით რესპუბლიკის ჯარები ქობულეთში შევიდენ. აღფრთოვანებით შეეგებენ მათ. დაესწრენ ინგლისელები. მოხდა აღლუმი რომელიც გენერალმა კვინიტაძემ მიიღო.