საქართველოს თავდაცვის ძალების აწ უკვე ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უფლებამოსილება გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს გადააბარა. 42 წლის მათიაშვილი თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით დაინიშნა.
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე პირველ ივლისს გამართულ უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრნენ.
„სრულ ნდობას ვუცხადებ მას ამ თანამდებობაზე და მჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თავდაცვის ძალები კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება“, – განაცხადა თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა.
ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის ძალებს 2018 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.
გიორგი მათიაშვილი 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად მსახურობდა. 2018 – 2019 წლებში მათიაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სარდალი იყო, ხოლო 2016 – 2018 წლებში — სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოადგილე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)