„გაეროს განვითარების პროგრამა“ (UNDP) და შვედეთის მთავრობა, საქართველოს მასშტაბით, 4 000 სამედიცინო მუშაკს ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის საკითხებში გადაამზადებენ.
150 000 აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, UNDP საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს ექიმების, ექთნებისა და ადმინისტრაციული სამედიცინო პერსონალის გადამზადებისა და სერტიფიცირებისთვის ონლაინსწავლების პლატფორმის შექმნაში დაეხმარება. ამ მექანიზმის გამოყენებით, ქართველი მედიკოსები ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში კვალიფიკაციას აიმაღლებენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებისგან პროფესიულ რჩევებს მიიღებენ.
ახალი სასწავლო სისტემა წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალს დაეხმარება, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის შესაძლო მეორე ტალღას ან საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეებს მომზადებული შეხვდეს.
ახალი ინიციატივა, საქართველოს მასშტაბით, 37 სამედიცინო დაწესებულებასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 60 რეგიონულ წარმომადგენლობას მოიცავს. ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მართვის საკითხებში პროფესიულ გადამზადებას სულ 4 000 მედიკოსი გაივლის. მათგან 3 000 კოვიდ-19-ის სამკურნალოდ განკუთვნილი კლინიკების თანამშრომელია, ხოლო 1 000 – მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელი.
საქართველოს ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის ხელშეწყობა მმართველობის რეფორმის ექვსწლიანი პროგრამის ნაწილია, რომელსაც UNDP შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ახორცილებს. პროგრამის მთლიანი ღირებულება 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„ახალი სასწავლო სისტემა ხელს შეუწყობს ექიმების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. გარდა ამისა, ის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ქვეყნის რეგიონებში, სადაც სამედიცინო პერსონალს ხშირად ხელი არ მიუწვდება აუცილებელ რესურსებზე“, – განაცხადა UNDP საქართველოს ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)