გაზ. ერთობა, 1920 წლის 6 ივლისი, N150
ოსების განცხადება საქართველოს მთავრობისადმი
გორის მაზრის, ხაშურის რაიონის და ცემის საზოგადოების ოსებმა მთავრობის თავმჯდომარეს შემდეგი განუცხადეს: ჩვენ, ზემოაღნიშნული რაიონების მცხოვრებლები ვაცხადებთ, რომ არავითარი დამოკიდებულება არა გვაქვს და არც გვქონია მთის ოსეთის აჯანყებასთან, პირიქით, გადაჭრით ვკიცხავდით მათ და ამ აჯანყებას დამღუპველად ვსთვლიდით ოსებისათვის. ჩვენ, ოსები, იმდენათ გავითქვიფეთ ქართველი ხალხის მასსასთან, რომ ჩვენსა და ქართველებს შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არის.
სიმართლე უნდა ითქვას, რომ მათი გამოსვლის დროს ჩვენც გამოგვიგზავნეს აგიტატორები, რომლებიც ასაჯანყებლათ მოგვიწოდებდენ, მაგრამ მაშინ ჩვენი რაიონის ოსები არ გაყვნენ ბნელ ელემენტებს. და თუმცა ბანდებმა თავისი მოქმედება ჩვენ რაიონში გადმოიტანეს, მაგრამ მშვიდობიანმა ოსმა მოსახლეობამ არა თუ მიიღო ამაში მონაწილეობა, არამედ – დაზარალდა მათგან და ეხლა სასურსათო კრიზისს განიცდის. ვაცნობთ რა ამის შესახებ მთავრობას, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეძლებას მოგვცემენ განვაგრძოთ მშვიდობიანი მუშაობა და ჩენ ჩვენის მხრით გეფიცებით პატიოსნებას და სინდისს, რომ მთავრობის ყველა მოთხოვნილებას სისწორით ავასრულებთ (საქართველოს დეპეშათა სააგენტო).