გაზეთი ერთობა, 1920 წლის 7 ივლისი, N151
მორიგი პროვოკაცია
კომუნისტები განაგრძობენ თავის სანაქებო მუშაობას. მიზანი ამართლებს საშუალებას – აი ის დაჟანგული იარაღი, რომელიც დიდი ხანია ბოლშევიკებმა გამოათრიეს იეზუიტების საწყობიდგან და დღემდე უხვათ სარგებლობენ. ისინი არ ერიდებიან არავითარ სიყალბეს, ცრუ ცნობებს, ჭორებს, რომ შექმნან ჩვენს ირგვლივ მათთვის სასარგებლო ატმოსფერა, აამღვრიონ წყალი, რომ შიგ თავისუფლად ინავარდონ. მთელი მათი პრესა რუსეთში სავსეა ჩვენს შესახებ ათას გვარი ყალბი ცნობებით. დღეს დასწერენ: დაიწყო გლეხების საყოველთაო აჯანყება. ხვალ დაამატებენ: მიღებული ცნობების თანახმად აჯანყებულებმა ხელში ჩაიგდეს არსენალი, სამხედრო საწყობები და როგორც ფინალი – დიდი ასოებით დაბეჭდავენ: ჟორდანიას მთავრობა გაიქცა, საქართველოში საბჭოთა მთავრობა გამოცხადდაო.
ასეთი ჭორებით კვებავენ კომუნისტების გაზეთები თავიანთ მკითხველებს რუსეთში და ვინ იცის რა ფანტასტიურ გეგმებს არ აშენებენ ამ ყალბ და მოჭორილ ცნობებზე.
მართალია, ამ ბოლო ხანებში ეს ჭორები თვით კომუნისტების ზოგიერთ წრეებშიაც ღიმილს იწვევს და ინფორმატორების შესახებ არა ერთ და ორ ოხუნჯობას გაიგონებთ, მარა ეს მაინც არ უშლის ხელს ბეჭდონ და ავრცელონ ეს მათგანვე სამასხროთ აღებული ცნობები.
თუ როგორ ყალბ ცნობებს აწვდიან კომუნისტები თავის მკითხველებს, ამის საუკეთესო ნიმუშია ბაქოს „კომუნისტში“ მოთავსებული ცნობა თფილისიდან.
ბაქოს „კომუნისტის“ უკანასკნელ ნომერში დიდი ასოებით დაბეჭდილა თფილისიდან მიწოდებული ასეთი ცნობა: „27 ივნისს თფილისში შედგა მრავალ-რიცხოვანი მიტინგი. მთავრობამ მოედანზე გამოიწვია ცხენოსანთა რაზმი, რომელმაც მიტინგს თოფები დაუშინა. მიტინგის მონაწილეთაც სროლითვე უპასუხეს. მოხდა შეტაკება, რისი შედეგი იყო რამდენიმე კომუნისტის დაპატიმრება და მრავალის დაჭრა“.
ზედ-მეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ცნობა თავიდან ბოლომდე მოგონილია. ვინც არ იცით 27 ივნისს თფილისში არავითარი მიტინგი არ ყოფილა, მით უმეტეს სროლა და დაჭრა? ნუ თუ კომუნისტებს თავის წარმომადგენლის კიროვის მაინც არ რცხვენიათ ასეთი ჭორებისათვის! ის ხომ მაშინ აქ იყო!
ამ დედაბრულ ჭორზე ბაქოს „კომუნისტი“ მრისხანე წერილს სწერს, ნოე რამიშვილზე მუქარით ჯავრს იქარვებს, და თავს იმით ინუგეშებს რომ ქართველმა მუშებმა და გლეხებმა უკვე შეიგნეს თავის ინტერესები, სადაცაა კიდევაც შესძლებენ ჯალათი მთავრობის ჩამოგდებას და საბჭოთა მთავრობის გამოცხადებას. დიდ ხანს ცდა აღარ დაგვჭირდება.
ასე ინუგეშებს თავს მეჭორე „კომუნისტი“ და ალბათ ამიტომ თხზავენ ყოველ დღე ასეთ ყალბ ცნობებს. მათ სურთ ნიადაგი მოუმზადონ იმ ბაქი-ბუქობას, რომლითაც ისინი ბაქოს და მის არე-მარეს აყრუებენ.
მაგრამ უნდა იცოდენ ბაქოს კომუნისტებმა, რომ ქართველმა მუშებმა და გლეხებმა დიდი ხანია შეიგნეს ვინ არის მათი მტერი და ვინ მოყვარე და რამდენიც უნდა ეცადონ მიზანს ვერ მიახწევენ. ამის უტყუარი თავდებია თვით კომუნისტების საქმიანობა. თუ დღემდე ეს მათი საქმიანობა შორს იყო – დღეს ის უკვე მეზობლათ ხდება და ეს საშუალებას აძლევს ჩვენს მუშებს და გლეხებს უფრო ახლო გაიცნონ ისინი, ვინც მათ სიტყვით „ოქროს მთებს“ პირდება.
საქმით კი განადგურებას და აოხრებას უქადის.
განი