ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი და რაჭა-ლეჩხუმის ყოფილი გუბერნატორი ოთარ სირაძე სამოქალაქო მოძრაობა „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს ნიკოლოზ ღლონტს შორის 4 ივლისს ამბროლაურში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტმა მარიამ ვაწაძემ გაავრცელა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სირაძესა და ღლონტს შორის სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, რაჭა-ლეჩხუმის ყოფილი გუბერნატორი „ახალგაზრდა მწვანეების“ წევრს ურტყამს.
ინციდენტი ონის ჰესის კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის შემდეგ მოხდა. თავდაპირველად, „ახალგაზრდა მწვანეების“ მიერ ორგანიზებულ აქციას პოლიტიკოსები, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის წევრები შეუერთდნენ, რასაც აქტივისტების უკმაყოფილება მოჰყვა.
მომხდარის შესახებ ოთარ სირაძემ მეორე დღეს Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და ინციდენტი ქართული ოცნების „პროვოკაციად“ შეაფასა. მისი თქმით, აქტივისტები მას ამბროლაურში საკუთარ სახლთან „კამერაჩართულები მიადგენენ“ და „საქმის გარჩევა და გინება“ დაუწყეს, რაც „მცირე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში“ გადაიზარდა.
„წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის, აჯობებდა ეს ინცინდენტი არ მომხდარიყო, ვცდილობდი მის არიდებას, მაგრამ მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ვწუხვარ მომხდარი ფაქტის გამო“, – დაწერა მან.
საპირისპირო თქვა „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტი მარიამ ვაწაძე. ვაწაძის თქმით, სახლისკენ მიმავალ გზაზე, მწვანე აქტივისტებს ოთარ სირაძე და მისი ძმა მანქანით, გინებით მიუახლოვდნენ. ამის შემდეგ, ისინი ავტომობილიდან გადმოვიდნენ და ნიკოლოზ ღლონტს „თავს დაესხნენ“.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით იძიებს, რაც ხულიგნობას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ სახედ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)