აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტს, რომელშიც საქართველოს ნაწილში, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულია, რომ პროექტით გათვალისწუნებული დახმარების 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა, შესაძლოა, გარკვეული პირობების შეუსრულებლობის გამო შეჩერდეს, ქართველი პოლიტიკოსების შეფასებები მოჰყვა.
„სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებულ მოსაზრებებს გთავაზობთ.
მმართველი გუნდი
გია ვოლსკი – ქართული ოცნება: „ოპოზიცია კონგრესის კანონპროექტს გამარჯვებად აღიქვამს. ეს, ოპოზიციის სამწუხაროდ, არის სიცრუე. როდესაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ნატოსთან ინტეგრაციის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ იქნებ ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს. არის კონგრესმენების ჯგუფი, რომელიც ცნობილია ჩვენთვის და მათ მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც გამოქვეყნდა, [ის] ჯერ კიდევ [სხვადასხვა] კომიტეტებში უნდა განიხილონ და შემდეგ მთლიანად კონგრესმა უნდა მოიწონოს, რისი პერსპექტივაც პრაქტიკულად არ არსებობს“.
კახა კუჭავა – ქართული ოცნება: „კონგრესს არაფერი გაუყინავს, არც დოკუმენტი მიუღია და არანაირი ცვლილებები დოკუმენტში არ შეუტანია. ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ [ოპოზიციის წარმომადგენლები] თავის წინასაარჩევნო კამპანიის აგებას. ამას მეტს ვერაფერს დავარქმევ. ერთადერთი რასაც მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს, ან არაპროფესიონალიზმია და უნარი, ვერ წაიკითხო ის, რა ინფორმაციაც მოდის ამერიკიდან ან მეორე – მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა“.
ოპოზიციის შეფასება
სალომე სამადაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „დღეს კონგრესი უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს, როდესაც ორივე პარტიის მხარდაჭერით, შეიძლება უკვე ითქვას, რომ აწესებს სანქციებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით. ეს ხდება იმიტომ, რომ იმ სრულიად უპრეცედენტო კორუფციის მასშტაბმა, რომელიც ქვეყანაში დაამყარა ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა, მათ შორის, დახმარების მიტანა ადამიანებამდე“.
გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული, ყველა ვითარებაში, შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი. [იგი] ჩვენს უსაფრთხოებასა და დემოკრატიას ეხმარებოდა, ოღონდ, როდესაც ხედავენ ქართველი ხალხის ნების გამო მათთვის საკვანძო ქვეყნის მთავრობა ჩიხში შედის და ფუნდამენტურად უპირისპირდება იმ პრინციპებს და პრაგმატულ ინტერესებს, რომლებიც აქვს ჩვენს მეგობარს, აი, მაშინ ხდება ასეთი რამ, რაც ვნახეთ – სენატში ინიცირებული პროექტი, რაც ვნახეთ ახლა – ქვედა პალატაში ინიცირებული პროექტი და თუ ისტორიის გახსენება გვინდა, შეგვიძლიარა იდენტური, მაგრამ მსგავსი [მაგალითი] 2003 წელს, შევარდნაძის დროს ვნახოთ“.
თამარ ჩუგოშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი: „ფაქტობრივად, გამოვა, რომ საქართველო დაექვემდებარა გარკვეულ სანქციებს. ეს თანხის დიდი პროცენტი არ არის, მაგრამ პრეცედენტია. ეს არის პრეცედენტი იმის, რომ ამერიკის პოლიტკურმა ორგანომ, იმის გამო, რომ საქართველო არ ასრულებს ვალდებულებებს, არ აშენებს სამართლიან სასამართლოს, არ ებრძვის კორუფციას და ა.შ. გაჩნდა სერიოზული კითხვები და დაიწყო საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსებების შემცირება“.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველო აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების 2021 ფისკალური წლის კანონპროექტში
- სენატორი რიში აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში საქართველოზე შესწორების შეტანის ინიციატივით გამოდის
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)