აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 8 ივლისს 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტზე ანგარიში და თანდართული მოსაზრებები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოცაა მოხსენიებული.
გამოყოფილი თანხის 15%-ის შესაძლო შეჩერება
საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გამოყოფილი თანხის 15%-ის შეჩერების საკითხის განხილვისას, ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანი შეაფასებს, თუ რამდენად ეფექტურ ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა შემდეგი მიმართულებებით:
- საარჩევნო რეფორმის ეფექტური განხორციელება;
- სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პატივისცემა, მათ შორის, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევის თვალსაზრისით;
- ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის საჭირო პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის ჩათვლით;
- სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
- მთავრობის საქმიანობაზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე ოლიგარქების არაფორმალური ზეგავლენის შეზღუდვა.
აღსანიშნავია, რომ დახმარების 15%, რომლის გამოყოფაც დემოკრატიის კუთხით საქართველოს მიღწევებზე იქნება დამოკიდებული, ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან გამოყოფილ თანხას მოიცავს, რომლის საერთო ოდენობაც სულ ცოტა 88 025 000 აშშ დოლარია.
კომიტეტმა სახელმწიფო მდივანს და USAID-ის ადმინისტრატორს დაავალა, პრიორიტეტი მიანიჭოს ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართულ პროგრამებს, რათა ხელი შეუწყონ გამჭირვალობასა და დემოკრატიულ მმართველობას. დოკუმენტის თანახმად, „რუსეთის ხელისუფლებისგან მომდინარე საფრთხეები ხაზს უსვამს ყოფილი კომუნისტური ქვეყნებისათვის, მათ შორის, საქართველოსთვის აშშ-ის საგარეო მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით“.
ამ კუთხით, ანგარიში მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლის მიზანიც პროპორციულთან უფრო დაახლოებული საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებაა.
დახმარების დეტალები
კომიტეტის რეკომენდაციით, საქართველომ დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარი უნდა მიიღოს.
როგორც ზემოთ ითქვა, 88 025 000 აშშ დოლარი ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან გამოიყოფა. საქართველო 35 000 000 აშშ დოლარს საერთაშორისო სამხედრო დაფინანსების პროგრამიდან მიიღებს, ხოლო დამატებით 5 700 000 დოლარი ნარკოტიკებთან ბრძოლის მიზნით გამოიყოფა.
გარდა ამისა, სამხედრო განათლებისა და წვრთნისთვის საქართველო 2 200 000 დოლარს მიიღებს, ხოლო 1 100 000 დოლარი იარაღის გაუვრცელებლობის, ტერორიზმთან ბრძოლის, განაღმვისა და სხვა პროგრამების ფარგლებში გამოიყოფა.
საქართველო – აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე
კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ გაგრძელდეს იმ „მნიშვნელოვანი მოკავშირეების“, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის განახლებულ აგრესიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან. კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის მოკავშირეების უსაფრთხოება და სტაბილურობა პირდაპირ გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებულ შტატებზე.
კომიტეტმა განაცხადა, რომ იგი კვლავ შეშფოთებულია მოსკოვის მიერ საქართველოზე და სხვა პარტნიორებსა და მოკავშირეებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების გამო და დასძინა, რომ ის ავალებს სახელმწიფო მდივანს, განსაზღვროს დაფინანსების პრიორიტეტულობა, რათა ამერიკის პარტნიორებს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან და საინფორმაციო ომთან გამკლავებაში დაეხმაროს.
კომიტეტის თქმით, იგი კვლავ კრძალავს დაფინანსების გამოყოფას იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობებისთვის, რომელთაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)