Site icon Civil.ge

ევროპის მოამბე – 7 ივლისი

🇷🇸🇽🇰 ამ კვირაში ოფიციალურად განახლდება სამშვიდობო მოლაპარაკებები სერბეთსა და კოსოვოს შორის. უბრად მყოფი მეზობლების შერიგებას აშშ ლამობდა და სერბეთისა და კოსოვოს პრეზიდენტებს – ალექსანდერ ვუჩიჩსა და ჰაშიმ ტაჩის შორის – შორის პაემანიც სწორედ თეთრ სახლში იყო დათქმული. თუმცა, ბატონ ტაჩის ომის დროინდელი მძიმე ცოდვები ამოუქექეს და სასამართლოსაც გადასცეს. ამიტომ, იგი მოლაპარაკებებს გამოეთიშა და მის მაგივრად კოსოვოს ინტერესებს პრემიერ-მინისტრი ავდულა ჰოტი დაიცავს. შუამავლობას კი ევროკავშირი განაგრძობს, რომელიც კარგა ხანია ამ საქმეშია ჩართული. შეხვედრას დაესწრებიან ევროკავშირის საგარეო საქმეთა თავკაცი ჟოზეპ ბორელი და ევროკავშირის საგანგებო ელჩი მიროსლავ ლაიჩაკი. პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ ორ ლიდერს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და გერმანიის კანცლერი მერკელი შეეხმიანებიან ვიდეოკონფერენციით, რითაც დამატებით წონას მიანიჭებენ ევროკავშირის სიტყვას. შეგახსენებთ, კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, მაგრამ სერბეთი მას თავისად იგულებს, არ აღიარებს და ხელს უშლის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებაში. თავის მხრივ, კოსოვოც მოსთქვამს და წუწუნებს სერბეთზე სადაც არს, ტარიფებს უწესებს სერბულ პროდუქციას, მაგრამ მაინც რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კოსოვოსთან დავა ერთ-ერთ მთავარი წინაღობაა სერბეთისთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ოღონდ, ევროკავშირი იმას არ ამბობს, მაინცდამაინც კოსოვო აღიარეთო (თავად ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უარს ამბობს კოსოვოს სახელმწიფოდ ცდობაზე), უბრალოდ რამეზე მორიგდითო.

🇬🇷 საბერძნეთის პრემიერ მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს უთქვამს ევროკავშირის მკაცრ პირობებს ეკონომიკური დახმარების გეგმის სანაცვლოდ ჩვენ ვეღარ ვიგუებთო. წინა ეკონომიკურმა კრიზისმა ჭკუა გვასწავლა, კარგად გვახსოვს რა უბედურ დღეშიც ჩაგვყარა ევროკავშირის გულქვა ტროიკამ, ჰოდა, ჩვენს რეფორმებს თავად მივხედავთო. მიცოტაკისი არც ე.წ ხელმომჭირნე ქვეყნების ინიციატივას ემხრობა, რომ დახმარების მიღების სანაცვლოდ გარკვეული პირობები და კრიტერიუმები დააწესონ, რათა ჯანსაღი კონკურენცია შექმნან. ევროკომისიის ექვსთვიანი ეკონომიკური ანგარიშები თავს გადაგვივა და ეგეც რომ არა, რა ანგარიში ჭირდება იმის დანახვას, რა ცეცხლი და ვარამი ტრიალებს სამხრეთ ქვეყნებშიო – ვიშვიშებს ბერძენი მინისტრი.

🇫🇷 საფრანგეთის პრეზიდენტი ახალ ტიკში ძველი ღვინის ჩასხმას შეეცადა: გადახალისებული მთავრობის შემადგენლობა ცნობილია. აღნიშვნის ღირსი ორი ცვლილებაა: ერთია ბარბარა პომპილის – ეკოლოგიური მოძრაობის ყოფილი წევრის – მთავრობის მეორე პირად დანიშვნა. ამით მაკრონმა მწვანეების გამარჯვებას უპასუხა ადგილობრივ არჩევნებში და მადამ პომპილის სწორედ ეკოლოგიური პროექტების განხორციელება ჩააბარა. მეორეა მაკრონის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მმართველის, მისიე ჟერალდ დარმანინის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა. სხვა მინისტრები კი ძირითადად თავ-თავის ადგილას დარჩნენ. გახსოვთ ალბათ, მთავრობის გადახალისების წინ, პრეზიდენტი მაკრონი ამბობდა ახალი გუნდი და ახალი მიდგომები გვჭირდებაო. ხმები დადიოდა, ეგებ მაკრონმა პრემიერი ედუარდ ფილიპი დატოვოს და კაბინეტი ძირეულად შეცვალოსო. სულ პირიქით კი მოხდა – ბატონი ფილიპი მატინიონის სასახლეს დაემშვიდობა, დანარჩენი მინისტრები კი თავის ადგილას დარჩნენ. ბოროტი ხმები ამბობენ, მისიე მაკრონის მხრიდან ეს ფრიად ცბიერი და კარგად გათვლილი სვლა იყოო – ერთის მხრივ, მყისიერი რეაგირება მწვანეების დაწინაურებაზე, მეორე მხრივ, ძლიერი პრემირ-მინისტრის, და კარს მომდგარ არჩევნებში პოტენციური მეტოქის – ედუარდ ფილიპის გზიდან ჩამოცილება. სიტყვამ მოიტანა და ამ უკანასკნელმა, არა მარტო თანამდებობა დაკარგა, მას და მის ჯანდაცვის მინისტრებს საფრანგეთის პროკურატურა იმაშიც ედავება რიგიანად ვერ შეებრძოლეთ ვირუსსო და საქმეც აღძრა ყოფილი ჩინოვნიკის წინააღმდეგ.