🇭🇷 კვირას ხორვატიაში არჩევნები იყო და ხმების 90%-ის დათვლა უკვე მოუსწრიათ. შედეგების თანახმად, მემარჯვენე ცენტრისტულმა მმართველმა პარტიამ (HDZ) მმართველობის სადავეები შეინარჩუნა, დაიბევა რა 66 ადგილი 151-ხმოსნიან პარლამენტში. მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტია გავიდა 41 მანდატით, მესამეზე კი – მეზობლების და უცხოელების მოძულე “მოძრაობა სამშობლოსათვის”, 16 ხმოსნით. ქვეყანას კვლავავ ანდრეი პლენკოვიჩი უხელმძღვანელებს, რომელიც ამასწინათ ევროკავშირის თავმჯდომარეობის წყალობით გამოჩნდა ევროპის პოლიტიკურ ასპარეზზე. ის კი არადა, მის წინასაარჩევნო კლიპში თურმე ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლეიენიც გამოჩნდა. ჰოდა, ევროკავშირს პოლიტიკური მიუმხრობლობის დარღვევისათვის ბოდიშის მოხდა მოუწია.
🇦🇹ახლოსვე დავრჩეთ: ავსტრია შეძრა ვენასთან ახლოს წარმოშობით ჩეჩენი ბლოგერისა და აქტივისტის მკვლელობამ, რომელიც ფრიად წააგავს შეკვეთილ მკლველობას. 43 წლის მოკლული ავსტრიაში თავშესაფარს ეძიებდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში მომხდარი შეკვეთილი მკვლელობის შესახებ მისცა ჩვენება. ავსტრიის პოლიციის ცნობით, საქმეზე რუსეთის ორი მოქალაქეა დაკავებული. ჩეჩენი მმართველების კრიტიკოსები და მათ მიერ მტრად მიჩნეულნი ამ ბოლო დროს ევროპაში ხშირად არიან თავდასხმების მსხვერპლი: გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში ნათლად გამოიკვეთა რუსეთის კვალი; იანვარში, იმრან ალიევი, კადიროვის თავგამოდებული კრიტიკოსი იპოვეს მოკლული საფრანგეთის ქალაქ ლილში. თებერვალშივე კიდევ ერთმა ჩეჩენი ბლოგერი ბედნიერი შემთხვევთობითა და საკუთარი სიმამაცის წყალობით გადაურჩა მოკვლას. უკვე დაგვიანებულიცაა და ევროპამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს რუსულ საცეცებს…
🇩🇪 სასირცხვილო საქმე შემთხვევია გერმანიის ელიტურ, სპეცდანიშნულების სამხედრო ქვედანაყოფს, რომელიც აბრევიატურა KSK-თია ცნობილი. თავდაცვის მინისტრ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს ბრიგადის ზომის ქვედანაყოფის ერთი ასეულის მთლიანად დაშლა უბრძანებია მას შემდეგ, რაც ამ ასეულის უფროს სერჟანტს ბლომად ნაცისტური სიმბოლიკა და გადამალული იარაღი უპოვნეს. ამ დანაყოფთან ჯერ კიდევ 2019 წელს ატყდა სკანდალი, როცა ერთ-ერთი ჯარისკაცის დაბადების დღეზე მისმა ამფსონებმა ნაცისტური სალმის მიცემა და მსგავსადვე შავბნელი სიმღერების ღრიალი მორთეს. თავდაცვის მინისტრს უთქვამს “საქმის ასე გაგრძელება შეუძლებელია”, ჯგუფი “არაჯანსაღმა ელიტიზმმა” მოიცვა და ექსტრემიზმი იმდენად შორსაა წასული, რომ უნდა ამოვშანთოთო და მსწრაფლ დეციმაცია უბრძანებია. სამხედროებმა და პარლამენტმა სპეციალური კომიტეტი შექმნეს ინსპექციის ჩასატარებლად, რომელმაც 48 ათასი ტყვია და 62 კილოგრამი ასაფეთქებელი მასალა მოისაკლისა. ფრიად შემაშფოთებელი ამბავიაო, ამბობს არმიის ინსპექტირების გენერალი, არც კი მინდა გავიფიქრო, ეს იარაღი ახლა ექსტრემისტების ხელშიაო. KSK გერმანიის არმიის ერთ-ერთი ისეთი დანაყოფია, რომელიც საზღვარგარეთ საიდუმლო მისიებით იგზავნება. მინისტრმა ახლა მას საზღვარგარეთული ოპერაციები მთლიანად შეუჩერა, მეთაურს კი ერთი წელი მისცა დანაყოფში წესრიგის აღსადგენად. სამხედრო დაზვერვას ექსტრემისტების გამოვლენა დაევალა.