Site icon Civil.ge

ევროკომისია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულებას აფასებს

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები, ფოტო: facebook.com/europeanunioningeorgia

ევროკომისიამ 10 ივლისს დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე ანგარიში გამოაქვეყნა.

აღნიშნავს რა, რომ ზედიზედ მესამე წელია, „თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მხრივ საქართველო კვლავ წამყვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის“, ანგარიში აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენი+ ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობა 9% -ით გაიზარდა, 2019 წელს შეტანილი იყო 21 570 განაცხადი, 2018 წელს კი – 19 730 განაცხადი.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2019 წელს თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი, 2018 წელთან შედარებით (4.7%) 4.1%-მდე შემცირდა. 2020 წლის პირველ კვარტალში თავშესაფრის მაძიებლის 3 795 განაცხადი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42% -ით ნაკლებია. იმავდროულად, 2019 წელს ქვეყანაში რეადმისიის წესით დაბრუნების მაჩვენებელი, 2018 წლის 65%-თან შედარებით, 52%-მდე შემცირდა და სამშობლოში საქართველოს 8 520 მოქალაქე დაბრუნდა.

„დაბრუნების მაჩვენებლის კლების მიუხედავად, გრძელდებოდა და კვლავაც უნდა გაგრძელდეს კარგი თანამშრომლობა რეადმისიის საკითხზე“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც „მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იყო კონკრეტული ზომები არალეგალურ მიგრაციასთან და დანაშაულთან დაკავშირებული გამოწვევების მოსაგვარებლად, საჭიროა შემდგომი დაუყოვნებლივი ქმედებები ამ პრობლემების გადასაჭრელად, განსაკუთრებით თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების მზარდი რაოდენობის თვალსაზრისით“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში შენგენ+ ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლაზე უარის თქმის საერთო რაოდენობა 17%-ით გაიზარდა (3 805–დან 4 435–მდე). ასევე 26%–ით გაიზარდა უკანონოდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაც (9 400–დან 11 845–მდე).

ანგარიში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების თემაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ აქტიურობენ შენგენ+ ზონაში და საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“.

„უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ დაპატიმრებულ კრიმინალთა შორის გაიზარდა საქართველოდან შემოსული თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველომ „გაამყარა საერთაშორისო სამართალდაცვითი თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სამსახურთან (Europol) და ევროკავშირში საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელი გააძლიერა“.

ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლების ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის საშუალებით საქართველო ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებას აგრძელებს, თუმცა „მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული შეშფოთება კვლავ არსებობს“.

დღევანდელი ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების გაძლიერებული მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის ვალდებულებას პასუხობს, რომელიც 2017 წლის მარტში იქნა მიღებული და მესამე ქვეყნების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნათა უწყვეტი შესრულების მონიტორინგს, აგრეთვე ამ საკითხებზე ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთან სულ მცირე წელიწადში ერთხელ ანგარიშგებას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)