საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 10 ივლისს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით“.
პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის ცხედარზე თავისა და სახის, აგრეთვე მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, ასევე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში „სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღინიშნება“.
„ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაცია დააზუსტა. უწყების გადაწყვეტილებით, გამოძიება „დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის“ მუხლით წარიმართება (სსკ-ის 109-ე მხულის, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი), რაც თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამეს მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მისი მეგობრის მიერ მცხეთაში ნაქირავებ სახლში დაბადების დღის აღნიშვნა ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი, 22 ივნისს, რამდენიმედღიანი ინტენსიური სამაშველო-სამძებლო ღონისძიებების შემდეგ, მდინარე არაგვის კალაპოტში გარდაცვლილი იპოვეს. 26 ივნისს შსს-მ შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავა. 28 ივნისს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)