ჯერ არ გითქვამთ, მაგრამ უკვე იცით, რა სკანდალურ რეაქციას გამოიწვევს ის უხამსი გინება, რომელიც ენის წვერზე გადგათ. რატომაა ეს შეგრძნება ასეთი სასიამოვნო? ფილოსოფოსები გვპასუხობენ:
…გული რომ მოვიფხანოთ
პლატონი (428-348 ჩვ.წ.აღ-მდე)
პლატონის თქმით, უხამსი სიტყვები ჯიგრიდან მოდის, ჩვენი სულის ვნებასთან დაკავშირებული იმ ნაწილიდან, რომელსაც ბერძნები „ეპიტუმიას“ უწოდებდნენ. პლატონი მას ბრაზიან ცხენს ადარებს, რომლის ყურებიც ისეა ბალნით სავსე, რომ გონიერი ბრძანების შესმენა უჭირს. სწორედ „აღშფოთების ეს ამფსონი“ გვანიჭებს სიამოვნებას მაშინ, როცა უგონოდ ვიქცევით. მოუთმენელი და კაპრიზული, ის დაუყოვნებლივ მოითხოვს დაკმაყოფილებას – ამიტომაცაა, რომ გინება ასე იოლად და სწრაფად მოსწყდება ჩვენს ბაგეებს. შეზარხოშებულებს „გადაჭარბებისა და სიყოყოჩის ეს თანამგზავრი“ კიდევ უფრო შემოგვიჩნდება ხოლმე. „ენის აღვირახსნილი სითავხედე“ სწორედ მაშინ იჩენს მძლავრად თავსო, გვასწავლის ფილოსოფოსი, როცა რამდენიმე ყანწი გვაქვს გადაკრულიო.
…წესიერი საზოგადოება რომ აღვაშფოთოთ
მიშელ დე მონტენი (1533-1592)
უხამსობა სასიამოვნოა, რადგანაც ის შეგვახსენებს, რომ „მსოფლიოს ყველაზე აღმატებულ ტახტზეც რომ დაგვსვან, მაინც საკუთარ უკანალზე ვიჯდებითო“, ამბობდა დე მონტენი. ჰოდა, იმის გაფიქრება, რომ „მეფეებიცა და ფილოსოფოსებიც ჩვენსავით გადიან კუჭში“, პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით გვანიჭებსო სიამოვნებას: ჩვენი უხამსობით, ძლიერნი ამა ქვეყნისანი ჩვეულებრივი მოკვდავის დონემდე ჩამოგვყავს. შესაბამისადო, ამბობს დე მონტენი, უხამსობით პატივისა და დიდების ფარდობითობის ჩვენებას ვესწრაფვითო. თუკი გავიფიქრებთ, რომ ძლიერთაცა აქვთ უკანალი, ეგებ მათი ზედმეტად გასიებული თავებიც დაუბრუნდნენო ნორმალურ პროპორციებს. ამგვარად, უხამსობას ჰუმანისტური განზომილება აქვსო, რომელის მიზანიც საზოგადო იერარქიის ამოყირავებაა, უბირ გაყოყოჩებულთა თავის ადგილზე მოსაბრუნებლად.
…კამათში მოსაგებად
არტურ შოპენჰაუერი (1788-1860)
უხამსობა ის „უკანასკნელი სტრატეგიაა“, რომლითაც ვცდილობთ წაგებული პოლემიკა ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნოთო, ფიქრობდა შოპენჰაუერი. „როცა აგრესორის უპირატესობაში დავრწმუნდებით, […] უნდა ვატკინოთ, შეურაცხვყოთ, უხამსი სიტყვებით შევამკოთო“, გვირჩევს ფილოსოფოსი ნაშრომში, რომელსაც „ყოველთვის მართლად ყოფნის ხელოვნება“ ჰქვია. მისი აზრით, კმაყოფილება, რომელსაც შეგინება გვანიჭებს, ცხოველური და პირველქმნილია, ამით „ჩვენი სულის მექანიზმები ჩვენი სხეულის თვისებებს გადააბარებს ამოცანას, ჩვენს ცხოველურ ბუნებას მოუხმობს“. თუმცაღაო, გვაფრთხილებს ფილოსოფოსი, სიტყვიერ მჭიდში ამ უკანასკნელი ტყვიის გასროლა ხშირად ფრიად ხანმოკლე სიამოვნებას თუ მოგვანიჭებს, რადგანაც ოპონენტის შეურაცხყოფას ხშირად ჩხუბი მოსდევსო. ჰოდა, თუ ძალა არ მოგდევთ, უხამსობით მოტანილ სიამოვნებას ნუ გაედევნებითო, გვასწავლის ბრძენკაცი.
…იმიტომ, რომ გაპრანჭულობა გვეზიზღება
პიერ ბურდიე (1930-2002)
უხამსობის თქმა იმიტომ გვსიამოვნებს, რომ ამით სიამაყით ვაჩვენებთ, გადაპრანჭული მანერების მქონე ხალხს რომ არ განვეკუთვნებითო, ამბობდა ბურდიე. ბურდიე სოციალურ კლასების ერთმანეთზე ბატონობას სწავლობდა და მიიჩნევდა, რომ უბრალო ხალხის პირდაპირობა და, შესაბამისად, უხამსი ლაპარაკიც გაბატონებული კლასის ფარისევლობის, „მცირე ბურჟუაზიის არაბუნებრივად დაძაბული, კარიკატურული ჟესტების, მოპრუწული ტუჩების“ საპირწონეს წარმოადგენდა. როცა „პირმოღებული“ კლასი „ტუჩშეკრული“ კლასის წინააღმდეგ ილაშქრებს, გინება და უხამსობა კაცური საწყისის გამარჯვებით მოტანილ კმაყოფილებას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ქალის ბაგიდან ამომავალი გინება ხშირად მოულოდნელია მათთვის, რომელთაც ურჩევნიათ, ქალის ბაგე მხოლოდ საამბოროდ მომართული დაინახონ, ხოლო საჯარო სივრცეში მისი კრინტი არ გაიგონო, ამბობდა ბურდიე.
ამ გახსენებაზე, ეგებ ამ სტატიამაც დაგაინტერესოთ: