გაზ. ერთობა, 1920 წლის 14 ივლისი, N156
დაწესებულებათა გაეროვნების საკითხი
დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა ჩვენმა მტრებმა ხელზე დაიხვიეს სააგიტაციოდ სახელმწიფო თუ საზოგადო დაწესებულებათა ნაციონალიზაცია.
სწერდენ რუსეთის გაზეთებში და გაჰკიოდენ ჩვენში: ქართველებმა არაქართველები – რუსები, სომხები და სხვა ერისანი კინწისკვრით გამორეკეს დაწესებულებებიდან, ულუკმაპუროდ დასტოვესო და სხვა.
ყველასათვის აშკარა იყო მაშინ და არის დღესაც, რომ დაწესებულებათა ნაციონალიზაციის შესახებ ჩვენ ბევრს ვყვიროდით და ცოტას ვაკეთებდით.
თუ ნათქვამი სიმართლეს არ შეიცავს რატომ არის ჩვენი დაწესებულებები კვლავ გავსილი უცხო, სახელმწიფო ენის არ მცოდნე მოსამსახურეებით. განა ორი წლის განმავლობაში მსურველი ვერ შეძლებდა ენის შესწავლას?
მაგრამ რისთვის უნდა შეიწუხონ თავი, როცა ისედაც იოლად მიდიან. ჩვენ გვეუბნებიან და ჩვენ თვითონაც გავიძახით, რომ საქმის მცოდნე ხალხი არა გვყავს და სწორედ ამ ყვირილში ბევრი საქმის არ მცოდნე რჩება საქმეზე და განაგრძობს უცხო ენაზე „მოღვაწეობას“.
განა ერთი და ორია ჩვენში ისეთი დაწესებულება, სადაც არა ქართველ მოსამსახურეთათვის, ქართველ მოსამსახურეების მიერ დამფუძნებელი კრების კანონები ითარგმნება რუსულად?..
არის ისეთი დაწესებულებებიც, სადაც სამინისტროდან ქაღალდს ღებულობენ სახელმწიფო ენაზე, მაგრამ სთარგმნიან რუსულად, შემდეგ რუსულად დაწერილ პასუხს სთარგმნიან ისევ ქართულად და უგზავნიან სამინისტროს.
რა არის ეს?
ეს არის ნაციონალიზაცია?
ჩვენის აზრით, ამგვარ წვალებას ისევ სჯობს რუსული ენის დატოვება…
ხსენებულ სამინისტროს, რომ ჰკითხოთ, ან იმ დაწესებულების უფროსს, – გეტყვით: ჩვენთან ყველაფერი გაეროვნებულიაო.
ამ დღეებში გაზეთებში ცნობა იყო მოთავსებული ქალაქთა კავშირის შესახებ. იქ გადაუწყვეტიათ აგრეთვე გაეროვნება. სამინისტროებს სახელმწიფო ენაზე მივსწეროთ ქაღალდებიო. თუ აქაც ისე დაიწყეს საქმე, როგორც ეს საზოგადოთ „შემოღებულია“, რა თქმა უნდა, სჯობს ძველის წესის დატოვება…
ასეთი მდგომარეობით მეტად უხერხული პირობები იქმნება: ჩვენი ხალხი გრძნობს, რომ ვერ არის თვითონ თავის თავის პატრონი, თუმცა არავითარი საბუთი არ არის იმისა, რომ ის ასე ფიქრობდეს…
ჩვენც „ერთობა“-ში და საერთოთ ქართულ გაზეთებში მომუშავენიც ვგრძნობთ დიდ უხერხულობას. კიდევ მეტი, შეურაცხყოფილნი ვართ. მეტი და უაზრო მუშაობა გვიხდება იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო ენა ბევრ სახელმწიფო დაწესებულებებში გერად არის მიჩნეული…
ავიღოთ ჩვენი დეპეშათა სააგენტო. ორი განყოფილებისაგან შედგება ის. რუსულ განყოფილებას უპირატესობა აქვს მინიჭებული, ქართული – მეორე რიგზეა დაყენებული.
ფრანგულ, ინგლისურ თუ ნემეცურ ენებზე მიღებულ რადიოს ჯერ რუსულად სთარგმნიან, რუსულ გაზეთებს უგზავნიან, შემდეგ, მოგვიანებით, რუსულიდან ქართულათ და ჩვენ გვაწვდიან.
სახელმწიფო თუ საზოგადო დაწესეულებებში უმეტეს შემთხვევაში ქართულად მიღებულ ცნობებს, ჯერ რუსულად ამზადებენ, რუსულ გაზეთებს მიართმევენ, შემდეგ ქართულად სთარგმნიან და ქართულ გაზეთებს წამოგვიგდებენ.
დილის 11-12 საათზე სააგენტოს რუსულად ყველა ცნობა მზად აქვს, რომელთა ქართულად მიღება შესაძლებელია მხოლოდ ნაშუადღევს 3-4 საათზე!..
სარგებლობენ ასეთი პრივილეგიით რუსული გაზეთები, რა თქმა უნდა, ქართული გაზეთების ხარჯზე…
არც ცნობებს იძლევა სააგენტო ხეირიანს: გრძელი ამბები, გამეორება, უხეირო სტილი, და უხეირო ენა ჩვეულებრივი მოვლენაა ორივე ენაზე, ქართულზე ხომ განსაკუთრებით.
ცნობების შემოკლებით, მისი ხეირიანი რედაქციით არც იმდენათ იწუხებენ თავს არც მისი რედაქტორები, არც მთარგმნელ-თანამშრომელნი, – გზავნიან უთავბოლოდ ბევრს – მორჩა და გათავდა!..
იხარჯება დიდძალი ფული, ნაყოფი კი გვრჩება მცირე…
როდემდე უნდა გაგრძელდეს აგრე?
ჩვენ ასე ვაყენებთ საკითხს: სააგენტოს იმ სახით არსებობა, როგორც ის დღეს არსებობს, უსარგებლოა. უნდა მოისპოს სრულიად სააგენტოს რუსული განყოფილება. ის რუსული გაზეთი, რომელიც ემსახურება საქართველოს, შესძლებს ქართული ბიულეტენით სარგებლობას, ის გაზეთი კი, რომელიც ქუჩურ ჭორებს ავრცელებს, ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს: თუ საძნელო იქნება ამგვარი „პრესისთვის“ ჩვენი ცხოვრების ცნობა, ამით ბევრს არ დაკარგავთ.
შიგნით, საქართველოში, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს დაბებში, ჩვენს სოფლებში საჭიროა მხოლოდ ქართულ ენაზე მიწოდებული ცნობები.
უცხო ენაზე ინფორმაცია საქართველოს შესახებ მივაწოდოთ მხოლოდ უცხო ქვეყნებს, იქაურ გაზეთებს.
საერთოდ კი – დაწესებულებებში სასტიკი ნაციონალიზაციის გატარება აი, რა უნდა დავაყენოთ დღიურ წესრიგნი…