🏴 დღეს თანამედროვე ევროპის ერთერთი უსაშინლესი დღის წლისთავია – 1995 წლის 11 ივლისს ბოსნიელი სერბების სამხედრო დაჯგუფებამ გაეროს დაცვა გაარღვია, 7000-მდე ბოსნიაკი მუსლიმი ბიჭი და მამაკაცი დაგეგმილი სისასტიკით დახოცა და საძმო საფლავებში დამარხა. ამ გენოციდური აქტის მრუმე ჩრდილი ახლაც გასდევს ევროპას. ყოფილი იუგოსლავიის საქმეთა სისხლის სამართლის ტრიბუნალის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სერჟ ბრემერცს დაუწერია, ამ დანაშაულის ბევრი შემოქმედი დაისაჯა ჩვენი მუშაობის ათი წლის მანძილზე, მაგრამ ბევრი კვლავაც თავისუფალიაო. ტრიბუნალის მუშაობის დასრულების შემდეგ, დარჩენილი საქმეები ეროვნულ სასამართლოებს გადაეცა, სადაც ბევრს კვლავაც ელოდება განხილვა. ბოსნიის რეპუბლიკა სრპსკაში კი სრებრენიცის შემოქმედ სისხლიან გენერალ რატკო მლადიჩს კვლავაც ბევრი მიიჩნევს გმირად…
🇵🇱 პოლონეთი ხვალ საპრეზიდენტო არჩევნებს შეეგებება. დაასრულებს კი პოლონელი ხალხი “კანონისა და სამართლიანობის” უკონკურენტო ზეობას? არჩევნებისწინა გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს: ახლანდელ საჭისმპყრობელ ანდჟეი დუდას 45.9% უცხადებს მხარდაჭერას, ხოლო ოპოზიციონერ რაფალ ტრჟასკოვსკის – 46.4%. კიდევ შვიდ პროცენტზე მეტს უთქვამს, ჯერ არ ვიცი, რას მოვიმოქმედებო. აღდგომა და ხვალეო, ნათქვამია!
🇩🇪🇫🇷 საფრანგეთი და გერმანია ბჭობენ, რა მოვიმოქმედოთ, თუკი ჩინეთი ჰონგ-კონგს უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონს ძალით მოახვევს თავს და ამით დემოკრატიული ქალაქის შედარებით თავისუფლებას ბოლოს მოუღებსო. ევროპელი ქვეყნები განიხილავენ ჰონგ-კონგელი აქტივისტებისათვის ვიზებისა და თავშესაფრის მიღების გაადვილებას, ისევე როგორც ევროპაში სწავლის უფლების გაფართოებას. საუბარია ასევე ჩინეთისათვის სამხედრო დანიშნულების მასალების მიწოდების შეზღუდვაზე. თუმცა სანქციები ჯერ არ იგეგმება – ეს ეროვნული მთავრობების საქმეაო. კრიტიკოსები ამბობენ, ევროკავშირს ჩინეთის დასასჯელი მექანიზმები არ გააჩნია, იარაღის წარმოებაში კი კარგა ხანია ჩინეთს სხვისი დახმარება აღარ სჭირდებაო…
🇧🇬 საოცარი ამბები ხდება თურმე ბულგარეთში. იქაური ანტიკორუფციული პარტიის ლიდერი ჰრისტო ივანოვი თურმე გასაბერ ნავში ჩაჯდა, შავი ზღვის სანაპიროს მიაშურა და იქ, სილაში, ბულგარეთის დროშა აღმართა. ეს თითქოს მარტივი მოქმედება დაგეგმილი ყოფილა გამოჩენილი და აწ პენსიაზე მყოფი ბულგარელი პოლიტიკოსის, აჰმედ დოღანის გამოსაწვევად, რომელიც სანაპიროს ამ ნაწილს თავისად მიიჩნევს. ბულგარელების რწმენით, დოღანი – რომელიც ეთნიკურად თურქული პარტიის ლიდერია – ქვეყნის ერთ-ერთი გამოჩენილი მაფიოზია, პროკურატურა და მედია იმპერია კი ჯიბეში უზის. ჰოდა, ჰრისტოვს მაშინვე ეკვეთა თურმე ორი შავსათვალიანი ჯეელი და სანაპიროდან გააბრძანეს თავის დროშითურთ. ივანოვს უთქვამს, ეს სანაპირო კერძო საკუთრება არაა, ქვეყნის მიწააო და მოუთხოვია გაერკვიათ, ვინ იყვნენ ის ჯეილები. აღმოჩენილა რომ – ბულგარეთს უსაფრთხოების სამსახურების აგენტები. რატომ იცავედნენ ისინი დოღანს!? ამაზე ამტყდარა ერთი ამბავი და ჰრისტოვისთვის მხარი თავად ბულგარეთის პრეზიდენტს რუმენ რადევს დაუჭერია. მას პროკურატურისთვის მოუთხოვია, ეს ამბავი გამოიძიეთო. ამასობაში მთავარ პროკურორს (რომელზეც ეჭვია, რომ დოღანის კაცია) თავი მოუმკვდარუნებია – რა სკანდალი, რის სკანდალი, პოლიტიკაში ნუ მრევთო. არადა მეორე დღეს პრეზიდენტის ორი მრჩეველი პროკურორებს გაუსკვანჩავთ. მოკლედ, ახლა ათასობით ბულგარელი ქუჩაშია თურმე და ქვეყნის პოლიტიკაზე მაფიოზების გავლენას აპროტესტებენ.