Site icon Civil.ge

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობას ტოვებს

ფოტო: kharagaulinews.gov.ge

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე თანამდებობას ტოვებს, თუმცა აცხადებს, რომ იგი ქართული ოცნების გუნდში რჩება და მათთან ერთან მუშაობას აგრძელებს.

ნიკოლოზ თოფურიძე წასვლის მიზეზებს არ განმარტავს. Facebook-ზე იგი მხოლოდ იმას წერს, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა მიღებული და პოსტზე კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მხოლოდ გუბერნატორისა და გუნდის თხოვნით რჩებოდა.

„საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით“, – ამბობს თოფურიძე.

თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით ნიკოლოზ თოფურიძე ხარაგაულის საკრებულოს დღესვე მიმართავს. თოფურიძის მოვალეობას მისივე მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს.

ნიკოლოზ თოფურიძე ხარაგაულის მერი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა.

ბოლო რამდენიმე თვეში, ეს არჩეული მერის გადადგომის უკვე მეხუთე შემთხვევაა. მარტი და აპრილის თვეებში თანამდებობი, ასევე საკუთარი განცხადებების საფუძველზე, კასპის, თერჯოლის, ონისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერებმა დატოვეს.

ორი დღის წინ, მედიაში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა კომახიძის გადადგომის შესახებ ცნობაც გავრცელდა. თუმცა მერიაში აღნიშნულს არ ადასტურებდნენ. თავად კომახიძე ამბობდა, რომ ყველა კითხვას 13 ივლისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გასცემდა პასუხს. დღეს კი, მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ ბათუმის მერი ერთი კვირით შვებულებაში გავიდა.

ბოლო პერიოდში მერების თანამდებობებიდან წასვლებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) გამოეხმაურა და თქვა, რომ „გადადგომების ეს ტალღა“ კითხვის ნიშნებს აჩენდა და აღნიშნული „არაჯანსაღი პროცესის“ შედეგი იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)