არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (GYLA) და „პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 8 ივლისს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში კოალიციური ანგარიში წარადგინეს.
დოკუმენტი 2015-2020 წლების პერიოდს ფარავს და ცალკეული სოციალური და ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფის პროგრესსა და გამოწვევებს აფასებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები სათანადო საცხოვრებლის უფლების დაცვასა და უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ასახელებენ. მათი თქმით, პრობლემებს, რომლის წინაშეც სხვადასხვა ჯგუფები მას შემდეგ დადგნენ, რაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო უსახლკაროები გახდნენ, კიდევ უფრო აუარესებს საცხოვრებლის ეროვნული სტრატეგიის არარსებობა, ასევე სუსტი და ხარვეზიანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო.
იმავდროულად, მუნიციპალიტეტების დიდი რაოდენობა არ ითვალისწინებს მოთხოვნას უსახლკაროთა რეგისტრაციის თაობაზე. „2020 ივლისის მდგომარეობით, 69 მუნიციპალიტეტიდან, მხოლოდ 13-მა მიიღო სპეციალური წესები უსახლკაროთა რეგისტრაციის შესახებ, რაც დამატებით მოთხოვნებს აწესებს რეგისტრაციის პროცესში“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, „ეს მოთხოვნები განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით და არათანაბარ მიდგომას ქმნიან ერთნაირი საცხოვრებელი საჭიროებების მქონე პირებს შორის“.
საკანონმდებლო პოლიტიკისა და ინსტიტუციური ხარვეზების, ასეევე ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი საცხოვრისის უზრუნველყოფის სერვისები მწირია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უსახლკარობის პრობლემის მოგვარებას ხელს არ უწყობს, აცხადებენ არასამთავრობოები.
შრომის უფლებებზე საუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიუხედავად გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებისა, მშრომელთა უფლებები სათანადოდ რეგულირებული არ არის, რაც საშუალებას აძლევს დამსაქმებელს, რომ მათი უფლებები დაარღვიოს. მინიმალური ხელფასის, ზეგანაკვეთური სამუშაოს, ასევე სამუშაო დროის რეგულირება და ყველა სხვა ფუნდამენტური უფლება კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება, ნათქვამია დოკუმენტში.
არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ჯერ არ მოუხდენია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების უმეტესობის რატიფიცირება, მათ შორისაა კონვენცია შრომის ინსპექციის შესახებ, ყოველკვირეული დასვენების (მრეწველობა) შესახებ კონვენცია, კონვენცია მაღაროებში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ, მინიმალური ხელფასის შესახებ კონვენცია, სამუშაო საათების (მრეწველობა) შესახებ კონვენცია. ორგანიზაციების თქმით, მათი რატიფიცირება და ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა მშრომელთა სამართლებრივ უფლებებს.
რაც შეეხება ბავშვთა უფლებებს, დოკუმენტში ხაზგასმულია ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის მნიშვნელოვანი ჩავარდნები, რაც, მათ შორის, ბავშვთა სიღარიბის მნიშვნელოვან მაჩვენებლებსა და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მძიმე უფლებრივ მდგომარეობაში გამოიხატება.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბავშვთა სიღარიბის „მაღალი მაჩვენებელი“ იმის დასტურია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მისი აღმოფხვრისკენ არაა მიმართული და რომ არასრულწლოვნების განთავსება სახელმწიფო დაცვის ქვეშ კვლავ პრობლემას წარმოადგენს. ამ კონტექსტში, მათ აღნიშნეს, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სამართლებრივი სტატუსი „ბავშვთა სიღარიბის ყველაზე მწვავე პრობლემად“ რჩება.
დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების ხელომისაწვდომობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ის ბავშვები არიან, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებს, მათ შორის, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალებს, არ აქვთ წვდომა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე. ერთ-ერთ საკითხად გამოიკვეთა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების პრაქტიკული უგულებელყოფა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)