Site icon Civil.ge

FSB-ს ყოფილი უფროსის თქმით, შამილ ბასაევი აფხაზეთში რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა

სერგეი სტეპაშინ, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ყოფილი უფროსი, ფოტო: კადრი "რედაქციას" ვიდეოდან

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ყოფილმა უფროსმა, სერგეი სტეპაშინმა „რედაქციას“ YouTube-ის არხის ჟურნალისტს, ალექსეი პივოვაროვს 2 ივლისს განუცხადა,, რომ ჩეჩენი მეთაური შამილ ბასაევი, რომელიც 1992-1993 წლებში აფხაზეთში ქართული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა, შავი ზღვის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობდა.

„ბასაევი პროფესიონალი ტერორისტია და ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იტაცებდა თვითმფრინავს. მას ჰყავდა ე.წ. ბატალიონი „აფხაზეთი“, რომელიც 1992 წელს საქართველოსთან ომის დროს, სისხლისღვრაში იყო ჩართული. არძინბამ მას „აფხაზეთის გმირის“ ოქროს ვარსკვლავი მიანიჭა. როგორც ჩანს, ვიღაც ჩვენი მეგობრებიდან მასთან თანამშრომლობდა, თუმცა არა FSB აბ FSK [კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახური]“, – განაცხადა სტეპაშინმა, რომელსაც, სავარაუდოდ, სამხედრო დაზვერვის სამსახური GRU ჰქონდა მხედველობაში.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის და სად შედგა ეს თანამშრომლობა, სტეპაშინმა მოკლედ უპასუხა – „საქართველო, 1992“.

შამილ ბასაევი აფხაზეთის კონფლიქტის დროს საველე მეთაური იყო, სადაც ქართული ძალების წინააღმდეგ აფხაზი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. მოგვიანებით, ბასაევი რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნეთში იბრძოდა და მის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს აწყობდა. იგი აფეთქების შედეგად, 2006 წელს, 41 წლის ასაკში მოკლეს.

საქართველო რუსეთს აფხაზეთის კონფლიქტის დროს აფხაზი მეამბოხეების დახმარებაში დიდი ხანია ადანაშაულებს, მათ შორის, ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების წვრთნასა და აღჭურვაში ქართული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჩეჩენი მებრძოლი შამილ ბასაევი, რომელიც 90-იან წლებში აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მსახურობდა, საქართველოს სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ, წლების განმავლობაში, კონფლიქტის დროს სამხედრო დანაშაულების ჩადენის გამო იძებნებოდა.

2008 წლის დასაწყისში, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად ბასაევის აფხაზეთში გაგზავნაში დაადანაშაულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)