არასამთავრობო ორგანიზაცია – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TIG) შეფასებით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას ვაჟის, ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ დაწყებული დისციპლინური წარმოება „მიკერძოებისა და ანგარიშსწორების აღქმას აჩენს“ და ის რამდენიმე მიმართულებით არის პრობლემური.
ორგანიზაცია 15 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ იუსტიციის მინისტრის დებულებაში შეტანილი ცვლილებების ქრონოლოგია „დისციპლინირების მექანიზმის ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოყენების შთაბეჭდილებას ქმნის“.
კერძოდ, „TI საქართველოს“ თქმით, დებულებაში მიმდინარე წლის 22 მაისს შეტანილი ცვლილებით, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად განისაზღვრა, რამაც მინისტრს ბერკეტი მისცა, რომ შენგელიას მიმართ არა საყვედური ან გაფრთხილება, არამედ 1 თვიდან 2 წლამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების სანქცია გამოიყენოს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ შენგელიას მიმართ „დისციპლინირების საფუძველი სათანადოდ განჭვრეტადი არ არის“, რამდენადაც „გაუგებარია, რა იგულისხმება პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში ან მიკერძოებულ პოლიტიკურ შეხედულებებში და კონკრეტულად რა ტიპის ქცევას კრძალავს აქტი“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ იმასაც განმარტავენ, რომ გამოხატვის თავისუფლების კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე შეზღუდვა, „თვითნებური და არაპროპორციული შეზღუდვების დაწესების საფრთხეს“ ქმნის, რაც, შესაძლოა, „ნორმის არაკონსტიტუციურობის საფუძველი გახდეს“.
ორგანიზაციაში „პრობლემურად“ მიიჩნევენ შენგელიას მიმართ აღძრული დისციპლინური საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასაც და აცხადებენ, რომ აღნიშნული მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი ის საქმის განხილვასა და გადაწყვეტას გააჭიანურებს, ან „საქმის გარემოებები დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ შენგელიას მიმართ აღძრული დისციპლინური საქმე ამ „საგამონაკლისო წესში არ ექცევა“. გარდა ამისა, ორგანიზაცია ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ეთიკის წესებზეც მიუთითებს, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ ხაზს უსვამენ, რომ ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსთა სამუშაო პროგრამაზე წვდომა დაუსაბუთებლად შეუჩერდა, რადგან მიზეზი – ავადმყოფობის გამო სამსახურში გამოუცხადებლობა და მის ნაცვლად შემცვლელის დანიშვნა – „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნორმაში არ ჯდება.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს დღემდე არ აღუსრულებია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს:
- აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინება;
- ბაჩანა შენგელიას საკონსტიტუციო სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მის მიმართ დისციპლინური წარმოება შეაჩეროს.
მოგვიანებით, ბაჩანა შენგელიამ Facebook-ზე დაწერა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 15 დღეში, მას სანოტარო საქმიანობის შესრულებისთვის საჭირო პროგრამებზე წვდომა აღუდგა.
„არ გვაქვს ილუზია, რომ ამით საბოლოოდ რამე დასრულდა. ასე თვითნებურად პროგრამის გამორთვას, სრულიად უკანონოდ საქმიანობის შეჩერებას, მერე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები. დავა გაგრძელდება საკანონსტიტუციო სასამართლოში“, – თქვა შენგელიამ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)