Site icon Civil.ge

სასამართლომ თელავის საკრებულოს დეპუტატს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ფოტო: telavi.gov.ge

თელავის რაიონულმა სასამართლომ ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის მოადგილეს, მიხეილ გრემელაშვილს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის, ასევე მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 11 ივლისს პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ გრემელაშვილი „ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს“ და მათზე ფიზიკურად იძალადა.

ამასთან, სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.

სამართალდამცველებმა მიხეილ გრემელაშვილი 8 ივლისს დააკავეს. პროკურატურა მას ოჯახურ ძალადობას, მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გრემელაშვილს სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, მიხეილ გრემელაშვილი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სოფელ შალაურში გამარჯვების შემდეგ, საკრებულოში პარტია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით შევიდა, თუმცა 2018 წელს მან უმრავლესობის რიგები დატოვა და საკრებულოს ორ სხვა წევრთან ერთად, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დააფუძნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)