რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, „შეშფოთებით“ აღნიშნა, რომ „ბოლო დროს საქართველოს მხრიდან რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების უკანონო გადაკვეთა სულ უფრო გახშირდა“.
მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს ინციდენტები „პროვოკაციული ხასიათისაა“, ვინაიდან დაკავებულ პირებს კამუფლირებული ტანსაცმელი ეცვათ და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. თუმცა, აღწერით თუ ვიმსჯელებთ, ისინი სანადირო თოფებით იყვნენ შეიარაღებულნი. მიუხედავად ამ „პროვოკაციული“ ხასიათისა, მოსკოვმა განაცხადა, რომ მას საკითხის არაპოლიტიზებული გზით მოგვარება სურდა. მან თბილისი პოლიტიკური შოუს მოწყობასა და პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრებაში დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები და არსებული პრობლემების ურთიერთხელსაყრელი კონსტრუქციული გზით მოსაგვარებლად, რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის ყველა არსებული ფორმატი, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ე.წ. არაფორმალური კარასინი-აბაშიძის შეხვედრა გამოიყენოს“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 13 ივნისს, საქართველოს 24 წლის მოქალაქე, რომელსაც კამუფლირებული ტანსაცმელი ეცვა, „ვეპრის“ ტიპის სანადირო კარაბინით და 28 ვაზნით იყო შეიარაღებული და იგი რუსმა მესაზღვრეებმა დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 600 მეტრის სიღრმეში დააკავეს.
რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ 9 ივლისს დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვრიდან 9 კილომეტრის სიღრმეში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.
„ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობასთან უფრო ენერგიულ განმარტებით სამუშაოს ჩაატარებს, რათა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ახალი შემთხვევები აღარ დაუშვას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მოსკოვმა ასევე გააკრიტიკა „სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოს პროვოკაციული კომენტარები, რომლებიც, უკვე ამერიკელებისთვის ტრადიციად ქცეული მანერით, არ გაერკვნენ მომხდარის არსში, ხელს აფარებენ თავიანთ ქართველ ქვეშევრდომებს და მთელ ბრალს მოსკოვსა და ცხინვალს სდებენ“. აღნიშნული, ოფიციალური მოსკოვის თქმით, ვაშინგტონის, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას ძირს უთხრის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)