Site icon Civil.ge

ევროპის მოამბე – 16 ივლისი

🇩🇪🇺🇸დიდი ხანი არ გასულა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცხელ გულზე გერმანიაში განლაგებული სამხედრო ბაზა საგრძნობლად შეკვეცა. პოლონეთს ამის გაგონებაზე გულში იმედი აუკიაფდა, რა დაშავდება ჯარს სანაცვლოდ ჩვენსას თუ დააყენებსო. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ არც აცია, არც აცხელა და მყისიერად ეახლა მისტერ ტრამპს სალაპარაკოდ ვაშინგტონში. საქმეს მართლაც კარგი პირი უჩანდა და სწორედ მაშინ, როცა საპრეზიდენტო გამარჯვებით გულმოცემულ პან დუდას ეგონა, თავი ქუდში მაქვსო, გერმანიამ თითი დაუქნია საქმე ნატოს ჯარის განლაგებას ეხება და გვმართებს ჯერ ერთობლივად, ოჯახურ წრეში განვიხილოთო. მოკლედ, ეგრე არაა თაყაო, შენ რომ მამული გაყაო. დაუმღერებია გერმანიის თავდაცვის მინისტრს ფრაუ ანეგრეტ კრამპ-კარემბაუერს პანი დუდასთვის.

🇸🇰 პლაგიატში ედავებიან სლოვაკეთის განათლების მინისტრს ბრანისლავ გროლინგს. თურმე ნუ იტყვით და ბატონ გროლინგს თავისი საბაკალავრო ნაშრომი სიტყვა-სიტყვით გადაუწერია სამაგისტროში. ძველი დრო იყო და მაშინ ჩვენი უნივერსიტეტი მაშინ ამის ნებას გვრთავდაო უშვებდაო – იხტიბარს არ იტეხს მინისტრი. თუ მაინცდამაინც, სავარძელს მიკერებული კი არ ვარ, გადადგომას რა უნდა, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრიაო დაუყოლებია შერცხვენილ გროლინგს.

🇪🇺 მძიმე დრო უდგათ ევროკავშირის მესვეურებს. აქეთ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კედლებს აწყდება, როგორმე შეათანხმოს გადაწყვეტილების მიღების ყველასათვის მისაღები გზა ბიუჯეტისა და ფინანსური დახმარების გადანაწილებისას. მის მთავარ თავსატეხს ნიდერლანდების კერკეტი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტტე წარმოადგენს. თუ გადაწყვეტილებას კონსენსუსით არ მივიღებთ, დახმარების გეგმის მიღებაზე საუბარიც ზედმეტიაო – დაუჩემებია ჰოლანდიელ მინისტრს. შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლევენიც ორჭოფობს, კი გვინდა ყველაფერი მალე მოგვარდეს, მაგრამ არც ვეტოა გამორიცხული ჩვენგანო. კანცლერი მერკელის არც კეთილად ნათქვამი შეისმინეს და არც გადაკვრით საყვედური. ემანდ რამე ფათერაკს არ გადაეყარონ…

🇪🇺 არც ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს ულხინს. სასწორზე ძევს მისი რეპუტაცია. თუ დროულად ვერ შეთანხმდნენ ბიუჯეტსა და დახმარების გეგმაზე ისევ მას მიედავებიან, შენ რას გვიკეთებდიო. თუ შეთახმდნენ და, წარმოუდგენლად საპასუხისმგებლო დავალება ელის წინ – გამჭვირვალედ და ეფექტიანად უნდა განახორციელოს თანხის გადანაწილება, მოაგვაროს ფულის გაყოფასთან დაკავშირებული უამრავი საკითხი, დაითანხმოს მიმღები ქვეყნები რეფორმების გატარებაზე, და გრანტების გამცემი ქვეყნებიც კმაყოფილი დატოვოს. ძნელია არც მწვადი დაწვა, არც შამფური. მანამდე კი ქალბატონი ფონ დერ ლეიენი ამჯობინებს, შარლ მიშელს დაუთმოს პოლიტიკურ-ფინანსური იწილო-ბიწილო.