ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „რუსეთის გაზრდილ ჩარევას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა“.
ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ 2019 წლის ანგარიშში, რომელიც 16 ივლისს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების უმეტესობის ჩაკეტვამ დაძაბულობა და ხშირი დაკავებები გაზარდა, რასაც გადაადგილების თავისუფლებაზე მკაცრი შეზღუდვებიც მოჰყვა, რაც საარსებო პირობებზე, განათლებასა და ჯანდაცვის წვდომაზე უარყოფით გავლენას ახდენს“.
ანგარიშის თანახმად, ორივე ოკუპირებულ რეგიონში „ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ დისკრიმინაცია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება გრძელდება“.
ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ გაეროს გენერალურ ასამბლეასა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციებს მხარი დაუჭირა.
ყოველწლიური ანგარიში „მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის ხელშეწყობის“ მიმართულებით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისი დიპლომატიური ქსელის მიერ 2019 წელს განხორციელებულ საქმიანობას მოიცავს.
ასევე წაიკითხეთ:
- უსაფრთხოების სამსახური: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და დააკავეს
- აფხაზი ომბუდსმენი გალში მცხოვრებ ქართველთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს
- ახალგორელი პაციენტი გზაში გარდაიცვალა
- არასამთავრობოები ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)