Site icon Civil.ge

ავღანეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ქართველი სამხედრო საქართველოში დაბრუნდა

ფოტო: www.facebook.com/mod.gov.ge

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 17 ივლისის განცხადებით, ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში როტაციით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების კიდევ 10 სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით სამშობლოში დღეს ჩამოიყვანეს.

ინფიცირებული სამხედროები მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან.

თავდაცვის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 28 სამხედრო მოსამსახურიდან, რომლებიც საქართველოში 10 ივლისს გადმოიყვანეს, 8 უკვე სრულად გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება დატოვა. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი – დამაკმაყოფილებელია.

ავღანეთში დარჩენილი ქართული კონტინგენტის ნაწილი, რომელიც როტაციის წესით საქართველოში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, დადგენილი წესის შესაბამისად ორკვირიან კარანტინს გაივლის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)