Site icon Civil.ge

ოკუპირებული ცხინვალის თქმით, დაკავებულ ქართველს ღამურების შეგროვება სურდა

მავთულხლართები ცხინვალის რეგიონთან. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „უშიშროების სამსახურმა“ 16 ივლისს განაცხადა, რომ 3 ივლისს „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე რეგიონში გადასვლას ლუგარის ლაბორატორიისთვის ღამურების შეგროვების მიზნით ცდილობდა.

ბიოლოგიურ ომთან დაკავშირებული მორიგი ბრალდების გაჟღერებისას, ოკუპირებული ცხინვალის „უშიშროების სამსახურმა“ განაცხადა, რომ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიას იმ ჯიშის ღამურები აინტერესებს, რომლებიც ცხინვალის რეგიონშიც ბუდობენ.

საქართველოს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“ დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ცხინვალის უშიშროების სამსახურის მიერ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „მოგონილი“ და „დადგმული პროვოკაცია“ უწოდა.

მისი თქმით, ლუგარის ცენტრის ექსპერტები ღამურებზე მართლაც ატარებდნენ კვლევებს იმის დასადგენად, ხომ არ არის ღამურა საქართველოში ცოფის ან კორონავირუსის გადამტანი. თუმცა, გამყრელიძის თქმით, „ეს ასე არ აღმოჩნდა“. ამასთან, მისი თქმით, ნიმუშებს ცენტრის სპეციალისტები აგროვებენ და არა რიგითი მოქალაქეები, როგორც ამას ოკუპირებული ცხინვალი აცხადებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)