Site icon Civil.ge

ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, ფოტო: კადრი ქართული ოცნების Facebook-ის გვერდის ვიდეოდან

ქართულმა ოცნებამ 20 ივლისს 30 ერთმანდატიან ოლქში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

თბილისის ერთმანდატიანი ოლქები:

დანარჩენი ოლქები:

ოცნების ლიდერების განცხადებები

მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საზოგადოებას კოჯორში, ღია ცის ქვეშ მოწყობილი სივრციდან გააცნო. ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, ასევე აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, აგრეთვე სამედიცინო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამსწრეებს სიტყვით პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც მიმართა და ყურადღება ბოლო 8 წლის განმავლობაში, აგრეთვე კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.

„ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი“, – თქვა ივანიშვილმა.

ამის შემდეგ, მან ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 2008 წელს, მათ „საკუთარი უგუნურებით“ ქვეყნისთვის კრიზისის აცილება ვერ შეძლეს, რაც „სავსებით შესაძლებელი იყო“.

„[მათ] არათუ დაიცვეს განსაცდელისგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვეს ხალხი… მახსოვს, როგორ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც… ეს ხალხი ხავსს ეჭიდება, მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში“, – დასძინა მან.

ოცნების ლიდერი ოკუპირებულ ტერიტორიებსაც შეეხო და თქვა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის „ყველა საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ“. „ჩვენ მშვიდობიანად, ნდობის გაჩენის, შერიგებისა და პატივისცემის აღდგენის გზით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენკენ აფხაზი და ოსი ძმები“, – დაამატა მან.

გამოსვლისას, ივანიშვილმა ყურადღება ქვეყნის საგარეო კურსზეც გაამახვილა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგული რჩება. მანვე „ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირსა და სტრატეგიულ პარტნიორ – ამერიკის შეერთებულ შტატებს“ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრის დასასრულს ქართული ოცნების თავმჯდომარე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასაც შეეხო და განაცხადა, რომ მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმა სწორედ „ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება“ იქნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნება კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – ხაზი გაუსვა ივანიშვილმა.

არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვებაში დარწმუნებულია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. მანვე არჩევნების „დემოკრატიულობის უმაღლესი ხარისხით“ ჩატარების პირობაც დადო და განმარტა, რომ მმართველი გუნდის მთავარი მიზანი „ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული და რაც მთავარია – სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაა“.

მმართველი გუნდის სახელით „სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების“ ჩატარებისთვის მზაობა დღევანდელ შეკრებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც გამოხატა.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ ჩატარების პირობა დადო პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემაც და დასძინა, რომ მმართველი გუნდი საზოგადოებას „მაღალ პოლიტიკურ და საარჩევნო კულტურას“ უჩვენებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)