მედიის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე „მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს“ საფრთხეს უქმნის.
ორგანიზაციის მიერ 20 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართლებრივი დევნა, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მედიის სარედაქციო თავისუფლებას, ასევე კანონმდებლობის გამკაცრება ხელს უწყობს ქართული მედიისთვის შემზღუდველი გარემოს ჩამოყალიბებას.
ორგანიზაციისვე თქმით, მაშინ, როდესაც მმართველი პარტია ყალბ ამბებს ომს უცხადებს, 17 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღება „სამაუწყებლო მედიის თავისუფლებას ზღუდავს“. ორგანიზაციის განცხდებით, ცვლილებებმა მკაფიოდ აჩვენა რადიოსადგურებისა და სატელევიზიო არხების კონტროლის სურვილი, რაც სამაუწყებლო კომპანიებში „სპეციალური მმართველის“ დანიშვნის შესახებ ჩანაწერში გამოიხატება.
საერთაშორისო ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კომუნიკაციების კომისიას ჩამოყალიბებისას მკაცრად საოპერაციო მანდატი ჰქონდა, თუმცა თანდათან მისი უფლებამოსილებები გაფართოვდა და მეთვალყურეობა და ცენზურის დაწესებაც მოიცვა.
ორგანაზიციის თქმით, კომუნიკაციების კომისიის ონლაინპლატფორმა „მედიაკრიტიკა“ ბოლო დროს ორი ოპოზიციური ვებგვერდის – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დისკრედიტაციაზეა ფოკუსირებული და მათ ყალბი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებს.
- პარლამენტმა ელ. კომუნიკაციების კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- სუს-მა „მთავარი არხის“ სიუჟეტის სრული ჩანაწერი გამოითხოვა
- კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“: სახელმწიფოს მხრიდან მედიის დასჯის მცდელობა დაუშვებელია
განცხადებაში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტზე საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიებაზეც არის საუბარი. „მედიასაშუალება, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ხშირად ამ ტიპის თავდასხმის მსხვერპლი ხდება“, – განაცხადა ორგანიზაციამ.
ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელის, ჟან კაველიეს განცხადებით, „საქართველოს ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მედიასაშუალების საქმიანობაში, ხოლო ჩანაწერების უსაფრთხოების სამსახურისთვის მიწოდება შემაშფოთებელი პრეცედენტია“.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყონებლივ შეწყვიტოს „მთავარი არხის“ სისხლის სამართლებრივი დევნა და შინაარსზე ცენზურის დაწესების სანაცვლოდ, სანდო ინფორმაციის მიწოდებას შეუწყოს ხელი“, – დასძინა მან.
მედიის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელის შეცვლის შემდეგ, პოლიტიკური ჩარევის მსხვერპლი 2019 წლის სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიაც“ გახდა.
„ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ოპოზიციურ მედიაზე ზეწოლის გასაძლიერებლად იყენებს, რა დროსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი „მთავარ არხს“ და კიდევ ორ ოპოზიციურ არხს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ ყალბი ამბების მაუწყებლებად მოიხსენიებს“, – დასძინა ორგანიზაციამ.
ასევე წაიკითხეთ:
- ტელესაკომუნიკაციო კომპანიები მაუწყებლობისა და ელ. კომუნიკაციის შესახებ კანონებში ცვლილებათა პროექტს გმობენ
- თბილისის მერი „ყალბი ამბების გამავრცელებელ მედიას“ ვიდეოებით შეებრძოლება
- აჭარის ტელევიზიასთან ალტერნატიულმა პროფკავშირმა აქცია გამართა
- კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“: აჭარის მაუწყებელში „განსხვავებული აზრის დევნა“ გრძელდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)