Site icon Civil.ge

სახდეპი: რუსეთი აფხაზეთ-ცხინვალის კონფლიქტებს საქართველოს დასავლურ მისწრაფებათა შესაფერხებლად იყენებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლოგო

ამერიკული ჟურნალის Foreign Policy-ს 17 ივლისის ინფორმაციით, გამოცემა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშს გაეცნო, რომლის თანახმადაც, „რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს კვლავ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის ხელყოფის, ქვეყნის, როგორც პოტენციური ეკონომიკური პარტნიორის მიმზიდველობის შეზღუდვისა და მისი ევროკავშირსა და ნატოში მისწრაფებების გართულებისთვის იყენებს“.

გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის კონგრესს მაისში წარუდგინეს, აღნიშნულია, რომ „რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები არ შეასრულა და საკუთარი სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე არ დააბრუნა. აგრეთვე, რუსეთმა სრულად არც ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული ორგანიზაციების თავისუფალი შესვლის უზრუნველყოფის ვალდებულება შეასრულა“.

„თითქმის მთელი გასული წლის განმავლობაში, რუსეთი მხარს უჭერდა ოკუპირებული რეგიონების საქართველოსაგან ფიზიკური გამოყოფისაკენ მიმართულ ნაბიჯებს, მათ [მცდელობას] ე.წ. საზღვრების გასწვრივ გამყოფი ღობეებისა და სათვალთვალო კოშკების შენებით გამოეწვიათ „სიტუაციის დესტაბილიზაცია და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დანარჩენი საქართველოსგან ჩამოშორებინათ“, რამაც ამ რეგიონებიდან ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდა, აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტმა“ — განაცხადა Foreign Policy-მ.

ამერიკული ჟურნალის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთში საერთაშორისო ვიზიტორებისთვის დაწესებული ახალი შეზღუდვები აშშ-ის წარმომადგენლებს იქ ჩასვლის შესაძლებლობას არ აძლევს და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ადგილზე წვდომას უზღუდავს.

„იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო აქტორები რეგიონში საკუთარი პროგრამების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო წვდომას კარგავენ, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამგვარ პოლიტიკას, შესაძლოა, აფხაზეთისთვის დახმარების შემცირება მოჰყვეს“, – წერს Foreign Policy სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით.

პრეზიდენტი ტრამპი და აშშ-რუსეთის ურთიერთობები

Foreign Policy აღნიშნავს, რომ „მართალია რუსეთი უკვე დიდი ხანია საქართველოს ევროპული თანამეგობრობისგან ჩამოშორებას ცდილობს, ინფორმაცია იმ ფონზე ვრცელდება, როდესაც კონგრესის და ნატოს მოკავშირეების მხრიდან აშშ-ის პრეზიდეტის, დონალდ ტრამპის მიმართ სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, თუ რატომ არ დაგმო მან რუსეთის აგრესია. გარდა ამისა, აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი თალიბანის მებრძოლებს ახალისებს, რომ მათ ამერიკული სამხედრო ძალებს ავღანეთიდან გასვლა აიძულონ“.

„კაპიტოლ ჰილში ზოგიერთებს ის აშფოთებთ, რომ აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რუსეთი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას კიდევ უფრო დიდ ზიანს მოუტანს, თუკი ვაშინგტონი მკაცრ პოზიციას არ დაიკავებს“, – წერს Foreign Policy.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)