„კოალიცია თანასწორობისთვის“, რომელიც 10 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ახალქალაქის 26 მარტის ინციდენტში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის „ძალადობრივი მონაწილეობისა და მოქალაქის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მცდელობის ფაქტის“ ეფექტიან გამოძიებას ითხოვს.
კოალიციის 21 ივლისის განცხადება რეგიონული გამოცემა „ახალქალაქი ნიუსის“ მიერ სამი დღის წინ ინციდენტის ამსახველი ახალი ვიდეოჩანაწერის გავრცელებას მოჰყვა. ვიდეოში ჩანს, რომ დეპუტატ ენზელ მკოიანს ხელში იარაღი უჭირავს და იმუქრება.
კოალიცია ხაზს უსვამს, რომ ენზელ მკოიანის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა, იმისდა მიუხედავად, რომ ვიდეოში ნათლად ჩანს მკოიანის მიერ დაპირისპირების დროს იარაღით მუქარის ფაქტი.
„მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომელი, თუმცა, ის ქმედით ზომებს არ იღებს დეპუტატის უკანონო და ძალადობრივი ქცევის აღსაკვეთად და მის მიმართ აშკარა ლოიალობას ინარჩუნებს“, – დასძენს კოალიცია.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები ოცნების დეპუტატის „სხვა ძალადობრივ შემთხვევებთან“ კავშირზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ აღნიშნულ შემთხვევებზე სამართალდამცველ უწყებებს „არასათანადო“ რეაგირება ჰქონდათ.
„[ეს] კიდევ ერთხელ აჩვენებს ენზელ მკოიანის მიმართ პოლიტიკური ლოიალობისა და მისი სამართლებრივი პრივილეგირების ნიშნებს, რაც რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის რისკებს ქმნის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში“, – აცხადებენ კოალიციაში.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ გენერალურ პროკურატურას, რომ ენზელ მკოიანის ქმედებებზე:
- დაუყოვნებლივ დაიწყოს „დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება“;
- გამოკვეთოს მონაწილე პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;
- არ დაუშვას ლოიალობა და პრივილეგიები მკოიანისა და მისი გარემოცვის მიმართ.
ახალქალაქში ენზელ მკოიანისა და მისი ძმისშვილის მონაწილეობით 26 მარტს მომხდარ ინციდენტს პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის მუხლით იძიებს. საქმეზე ორი პირია დაკავებული, მათ შორის, მკოიანის ძმისშვილი, რომელთაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ასევე წაიკითხეთ:
- ენზელ მკოიანთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
- ქართული ოცნების ლიდერები ახალქალაქის ინციდენტის და ენმ-ის „პროვოკაციების“ შესახებ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)