არასამთავრობო ორგანიზაციის „მედიის განვითარების ფონდის” (MDF) მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს კრემლის პროპაგანდისტული კამპანიები კვლავ ძლიერ ანტიამერიკულ და ნატოს საწინააღმდეგო გზავნილებს შეიცავდა, ხოლო რუსეთის მხარდამჭერი განცხადებების რაოდენობამ იმატა.
ორგანიზაციის თქმით, ანტიდასავლური პროპაგანდა იდენტობის პოლიტიკასაც ავითარდებდა, აღნიშნავდა რა, რომ დასავლური ღირებულებები შეუსაბამოა მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან და რომ დასავლეთი საქართველოს მორალურ დეგრადაციას იწვევს.
„მედიის განვითარების ფონდი“ ანტიდასავლური პროპაგანდის მონიტორინგს 2014 წლიდან ახორციელებს. მეექვსე, ყოველწლიური კვლევის ფარგლებში, ორგანიზაცია ჯამში 15 მედიასაშუალებას დააკვირდა, როგორც სატელევიზიო და ბეჭდურ, ისე ონლაინმედიას. მონიტორინგის ფარგლებში, სულ 2 769 ანტიდასავლური კომენტარი გამოვლინდა, რაც წინა წლის მონაცემებს 15.7%-ით აღემატება.
ანტიდასავლური გზავნილები
ანგარიშის თანახმად, ამერიკასთან მიმართებით ორი ახალი გზავნილი იყო აქტუალური: პირველის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ეკონომიკური ხასიათის არ არის და მას ამერიკისთვის სამხედრო-მილიტარისტული დანიშნულება აქვს; ხოლო მეორე გზავნილი საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების მიზანშეუწონლობას ეხებოდა.
„[ეს უკანასკნელი] საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს უკავშირდებოდა, რომელმაც ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ასეთი შესაძლებლობა რუსეთის პროვოცირებად შეაფასა, რამაც პრორუსულად განწყობილი აქტორებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ნატოს წინააღმდეგ გზავნილების ზრდასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამგვარი გზავნილების მატება „პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსის ნეიტრალიტეტის მოთხოვნით წარმოებულ კამპანიას უკავშირდება“.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ გზავნილები თითქმის წინა წლის მონაცემების იდენტურია და 2017 წლის შემდეგ, როდესაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა, შემცირებულია.
ორგანიზაციის თქმით, პარალელურად, გაზრდილია რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები, რაც ქვეყნის საგარეო კურსის გადახედვის, ასევე საქართველოს პრობლემებისა და კონფლიქტების კრემლთან პირისპირ დარჩენის გზით მოგვარების შესახებ გზავნილებში გამოიხატებოდა.
ანგარიშის თანახმად, ღირებულებების შეუთავსებლობასა და იდენტობის დაკარგვასთან დაკავშირებულ დისკურსში ჰომოსექსუალობისა და გარყვნილი ცხოვრების თავსმოხვევის შიშები დომინირებდა, რასაც რელიგიასთან, კერძოდ მართლმადიდებლობასთან ბრძოლა და ეკლესიის საქმეებში ჩარევის შესახებ გზავნილები, ასევე თავსმოხვეული მიუღებელი ღირებულებები მოსდევდა. მკვიდრდებოდა ასევე მოსაზრება, რომ დასავლეთი ტრადიციულ ოჯახს და ქართველების ეროვნულ თვითმყოფადობას ებრძვის.
დეზინფორმაციის წყაროები: მედია, პარტიები და ორგანიზაციები
ანგარიშის თანახმად, ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო მედია იყო, შემდეგ კი – პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მოდიან.
ორგანიზაციის თქმით, ანტიდასავლური გზავნილების მთავარ წყაროებად 5 მედიასაშუალება გამოიკვეთა. ესენია „კრემლთან დაკავშირებული ონლაინგამოცემები“ – „საქართველო და მსოფლიო“ და „საქინფორმი“; „პრორუსულ“ პარტია პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ტელეკომპანია „ობიექტივი“ და გაზეთები, რომლებიც ეთნონაციონალისტურად პოზიციონირებენ, თუმცა ხშირად კრემლისტური მედიის ნარატივებს იმეორებენ („ასავალ-დასავალი“ და „ალია“).
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, 2019 წელს სიის სათავეში პატრიოტთა ალიანსი იყო, რომელსაც ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო“, „ნეიტრალური სოციალისტური საქართველო“ და „ქართული იდეა“ მოსდევენ.
„მედიის განვითარების ფონდი“ აღნიშნავს, რომ „ანგარიშში მოყვანილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლური გზავნილების რაოდენობრივ მონაცემებში ასახული არ არის, რადგან ირიბ ხასიათს ატარებს“.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მედიამონიტორინგის შედეგად 23 საზოგადოებრივი ორგანიზაცია გამოვლინდა, რომლებიც წინა წლების მსგავსად, ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩეოდნენ. მათგან ახალია „საქართველოს განვითარების ლაბორატორია“ (მისი დირექტორი, ირაკლი გოგავა ხშირად ჩნდება ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში), პრიმაკოვის სახელობის „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“ და „ევრაზიის ინსტიტუტი“.
ანგარიშის თანახმად, საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ანტიდასავლური კომენტარების გაჟღერებით, თადარიგში მყოფი გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე და ექსპერტი მამუკა არეშიძე ლიდერობენ.
ასევე წაიკითხეთ:
- პატრიოტთა ალიანსმა საქართველოში NDI-ისა და IRI-ის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გამართა
- ივანიშვილი საქართველოში აშშ-ის ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვაზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)