გაზეთი ერთობა, 1920 წლის 23 ივლისი, N164
საქართველო და იტალია
ამ დღეებში იტალიიდან თფილისში ჩამოვიდა იტალია-კავკასიის გამნაღდებელი ბანკის გამგე მ. მ. პინტო, რომელმაც საქართველოს დეპეშათა სააგენტოს წარმომადგენელს იტალიის საქართველოსადმი დამოკიდებულების შესახებ განუცხადა: მიუხედავად საგარეო პოლიტიკის იმ ხაზისა, რომელსაც იტალიის მთავრობა ადგია, მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს იტალიის საზოგადოებრივ აზრს, და უეჭველია, რომ ყველა სახელმწიფოზე უმალ იტალიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა უმთავრესად იყო შედეგი იმ განწყობილებისა, რომელიც იტალიაში არსებობდა საქართველოს მიმართ.
დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც თვითონ იტალია განიცდიდა ამგვარ პერიოდს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით იტალია სუსტათ არის დაკავშირებული საქართველოსთან, რადგანაც აქ დღემდის არ არსებობს ინფორმაცია საქართველოს საქმეების შესახებ. ცნობებს საქართველოს შესახებ ღებულობენ სტამბოლიდან და ეს ცნობები ხანდახან ისეა დამახინჯებული, რომ ყოვლად შეუძლებელია შიგ საქართველოს რესპუბლიკის ცხოვრების ნამდვილი სურათი დაინახოთ. იტალიის პრესაში იყო, მაგალითად ასეთი ცნობები – „ნოვოროსიისკიდან ხმელეთის გზით ბალშევიკები ბათომს ემუქრებიანო“, ან და „ინგლისის კრეისერი ბაქოში გაიგზავნა“ და სხვ. ისეთი ცნობები, როგორიც მაგალითად ხმები ბოლშევიკების მიერ თფილისის აღების შესახებ, რომელიც პრესაში იყო, ცხადია ერთგვარ სიფრთხილეს გამოიწვევდა საქართველოსთან დამოკიდებულების საქმეში. მაგრამ მე შემიძლია გადაჭრით ვსთქვამ რომ იმ წრეებს, რომლებიც გაცნობილი იყვნენ საქართველოს მდგომარეობასთან, ერთ წუთსაც კი არ შეპარვიათ ეჭვი იმაში, რომ საქართველოში არ გამოედება ადერბეიჯანის ამბები, საქართველოს შესახებ დამამშვიდებელი ცნობის მიღებამ იტალიის საზოგადოებაში დიდი კმაყოფილება გამოიწვია. განსაკუთრებული სიამოვნებით შეხვდა იტალია ბათომის საქართველოზე გადმოცემის ამბავს. სხვათა შორის, იტალია ერთის მხრივ ამაში ხედავდა ფიუმეს ისტორიის გამეორებას.
საერთოდ იტალია მეტად დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთის საკითხით. იტალიას სურს ახლო-აღმოსავლეთში აღადგინოს ის ძალთა წონასწორობა, რომელიც დაყრდნობილი იქნება ერთა დამოუკიდებლობაზე და რომელიც იმის სრულ გარანტიას მოგვცემს, რომ აღარ იქნება ხალხთა შორის შეიარაღებული შეტაკებანი.
იტალია დაინტერესებულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო ბაზრით. მაგრამ შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ საქართველო იტალიისთვის წარმოადგენს მხოლოდ მისი მრეწველობის ნაწარმოებთა გასასაღებელ ბაზარს. საკითხი საქონლის გაცვლა-გამოცვლაში მდგომარეობს. იტალიას შეუძლია საქართველოს მისცეს და მოაქვს კიდევაც მანუფაქტურა, რკინის ნაწარმოები და სხვა. სამწუხაროდ, საქონლის გაცვლა-გამოცვლა ბრკოლდება ქაღალდის ფულის კურსის რყევის გამო. ამასთანავე იტალია დაინტერესებულია საქართველოდან მარგანეცის, მატყლის, აბრეშუმის და ხე-ტყის შეტანით განსაკუთრებით იტალიისთვის და თუთუნის შეტანით, როგორც იტალიისთვის, აგრეთვე ჩრდილო ქვეყნებისათვის.
იტალია მეტად დაინტერესებულია საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეებით: ტყით, ქვა-ნახშირით და ნავთიანი და მადნეული ადგილებით. კერძოთ იტალიას აინტერესებს აბრეშუმის საკითხი, რომელიც სავსებით არ არის შესწავლილი. იტალიის მეფაბრიკეთ არა ერთხელ სურდათ აბრეშუმის ფაბრიკის გახსნა, მაგრამ ამას ხელს უშლის მუშა ხელის სიძვირე. საქართველოს და იტალიას შორის ეკონომიურ დამოკიდებულების განვითარებას ხელს უშლიდა აგრეთვე არა ნორმალური საფოსტო-სატელეგრაფო დამოკიდებულება, ეხლა საბედნიეროთ, ეს საკითხი მალე სასურველად გადაწყდება და ეს კეთილმყოფელ გავლენას მოახდენს საქართველო-იტალიის ურთ-ერთ დამოკიდებულებაზე (სდს).